Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია - ის მადლობას უხდის ქალებს


საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით ნულის წინააღმდეგ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია.

ლევან იოსელიანმა ომბუდსმენად არჩევის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს:

„ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და მიუხედავად ამისა, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში“.

სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ქალი: ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია აცხადებენ, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურის მხარდაჭერით ისინი კომპრომისზე წავიდნენ:

„მე მირჩევნია მყავდეს არჩეული სახალხო დამცველი და არა მოვალეობის შემსრულებელი. და თუ კომპრომისს ვერ მივაღწევთ, ეს ასე იქნება. დღეს, როდესაც მთელი ეს პროცესები მიდის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე ხდება, თავი რომ დავანებოთ ევროპულ რეკომენდაციას, მიუხედავად თქვენი სურვილისა, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წახვიდეთ, მე არ მოგცემთ ამ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას ვიღებ იმ არჩევანზე, რასაც ვაკეთებ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ავირჩიოთ და არა დავნიშნოთ სახალხო დამცველი“, - მიმართა თეონა აქუბარდიამ კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტს.

ლევან იოსელიანის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრამდე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი მოუწყო დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს:

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დაგვემტკიცებინა დამოუკიდებელი და ძალიან ძლიერი, მაღალი კვალიფიკაციის კანდიდატი და შესრულებული გვექნებოდა ევროკავშირის მოთხოვნა, მაგრამ ეს მოთხოვნა ვერ შესრულდა. დღეს უკონკურენტოდ ერთი ადამიანის დამტკიცება სახალხო დამცველის პოსტზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაერთ კვალიფიციურ კანდიდატს უარი უთხარით იმიტომ, რომ როდესღაც პოლიტიკური შინაარსის პოსტი ჰქონდა დაწერილი და დღეს ამ პოსტზე ამტკიცებთ პოლიტიკური პარტიიდან მოსულ კანდიდატს, მსურს ვთქვა, რომ არ იქნება ეს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება და ჩვენი მხარდაჭერა ამ კანდიდატს არ ექნება“.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას:

„გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში მიუთითებენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად აშორებს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა.

განცხადებას ხელს აწერენ: "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი" (OSGF); "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS); "დემოკრატიის მცველები" (DemDef); "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG); "მწვანე ალტერნატივა" (Green Alternative); "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" (TI-Georgia); "უფლებები საქართველო" (Rights Georgia); "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (Social Justice Center); "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" (Sovlab); "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI); "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA); "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT); "საფარი" (Sapari); "თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride); "ადამიანის უფლებების ცენტრი" (HRC).

პარტია „მოქალაქეების" წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის კანდიდატად ამავე პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა.

ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, სახალხო დამცველის შერჩევის მრავალთვიანი პროცესი ჩიხში შევიდა. ჩავარდა 19-ვე კანდიდატი, რომლებსაც დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომებზე კითხვებს უსვამდნენ და მათ პოზიციებს უსმენდნენ. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ემხრობოდა.

უკვე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასული წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე თამარ გვარამაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG