ევროკავშირის აღმასრულებელმა უწყებამ, ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (EACEA), შეწყვიტა ვენეციის ბიენალეს ფონდისთვის (Fondazione La Biennale di Venezia) ადრე გამოყოფილი ორ მილიონი ევროს ოდენობის გრანტის მოქმედება. ამის მიზეზი გახდა რუსეთის მონაწილეობა ვენეციის 61-ე ბიენალეში, განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა თომას რენემ „ევროპეისკაია პრავდას“. ამის შესახებ facebook-ზე
დაწერა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში და კულტურის მინისტრმა, ტატიანა ბერეჟნაიამაც.
რენეს თქმით, გრანტის შეწყვეტის გადაწყვეტილება სამართლებრივი შეფასების შემდეგ და ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
„ევროპელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებულმა კულტურულმა ღონისძიებებმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, ხელი შეუწყოს ღია დიალოგს, მრავალფეროვნებას და გამოხატვის თავისუფლებას - ღირებულებებს, რომლებსაც თანამედროვე რუსეთში პატივს არ სცემენ“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
"რუსული ხელოვნება - ეს სისხლია" - ვენეციაში გაიმართა Pussy Riot-ისა და Femen-ის აქცია
ვენეციის 61-ე ბიენალე მაისის დასაწყისიდან იმართება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. რუსული პავილიონი 2022 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა. ორგანიზატორების ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს უკრაინელმა და ომის მოწინააღმდეგე რუსმა აქტივისტებმა, შემდეგ კი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოსკოვის წარმომადგენლების ბიენალეში მონაწილეობა არღვევს სანქციების რეჟიმს და გაფრთხილება გამოთქვა დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებ. იტალიის მთავრობა საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ გამოფენა ოფიციალური რომის პოზიციისგან „სრულიად დამოუკიდებლად“ იმართება.