Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსული ხელოვნება - ეს სისხლია" - ვენეციაში გაიმართა Pussy Riot-ისა და Femen-ის აქცია

აქციის მონაწილე რუსეთის პავილიონთან ვენეციის ბიენალეზე. 2026 წლის 6 მაისი
აქციის მონაწილე რუსეთის პავილიონთან ვენეციის ბიენალეზე. 2026 წლის 6 მაისი

ჯგუფების, Pussy Riot-ისა და Femen-ის აქტივისტებმა 6 მაისს აქცია გამართეს უკრაინისა და რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად და ვენეციის ბიენალეში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ.

აქცია გაიმართა ვენეციაში, რუსეთის პავილიონის წინ - ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, საინტერნეტო წყაროებზე დაყრდნობით.

აქციის მონაწილეებმა აანთეს ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი კვამლის მქონე პიროტექნიკა და სკანდირებდნენ ლოზუნგს: "რუსული ხელოვნება - ეს სისხლია". ეს სიტყვები აქტივისტებს სხეულებზეც ეწერათ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გაშალეს ბანერები წარწერებით: "დატკბით შოუთი, უგულებელყავით ომი", "კურატორი პუტინია, გვამები ჩართულია", "ხელოვნება საჩვენებლად, ქვეშ კი - საფლავები".

როგორც გამოცემა "ვოტ ტაკ" იუწყება, დემონსტრანტები რუსეთის პავილიონში შესვლას შეეცადნენ, თუმცა ფორმიანმა პირებმა ამის საშუალება არ მისცეს.

უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, რუსეთი პირველად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების ამ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში. გამოფენის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ რუსული პავილიონი მხოლოდ 6-დან 8 მაისამდე გახსნილიყო მიწვეული სტუმრებისთვის. ამ პერიოდში პავილიონში აჩვენებენ უწყვეტ ხმოვან პერფორმანსს. 2021 წლიდან პავილიონის კომისარია ანასტასია კარნეევა - Smart Art-ის თანადამაარსებელი და ტექნოლოგიური კომპანია "როსტეხის" დირექტორის მოადგილის, ნიკოლაი ვოლობუევის შვილი. კომპანიის მეორე დამაარსებელია ეკატერინა ვინოკუროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი.

ვენეციის ბიენალეს მესვეურთა გადაწყვეტილებამ ფესტივალში რუსეთის დაშვებაზე, უკრაინისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბიენალეში მოსკოვის მონაწილეობა, დიდი ალბათობით, არის სანქციების რეჟიმის დარღვევა, იყო გაფრთხილებები ბიენალეს დაფინანსების შემცირებაზეც. იტალიის ხელისუფლება - რომელიც მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ძალისხმევას - აცხადებს, რომ გამოფენა რომის პოზიციისგან "აბსოლუტურად დამოუკიდებლად" მოქმედებს.

ბიენალეში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდნენ რუსეთის ემიგრაციის წარმომადგენლებიც. ჯგუფ Pussy Riot-ის თანადამაარსებელმა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ აქციის გამოცხადებისას თქვა, რომ რუსეთის პავილიონი არ არის საელჩო, არაა სუვერენული ტერიტორია და არც დიპლომატიური სტატუსი არ აქვს. ეს, მისი თქმით, ნიშნავს, რომ "იტალიის ხელისუფლებას, ვენეციის მთავრობას და საკუთრივ ბიენალეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ რუსეთს უთხრან - არა". ტოლოკონიკოვას შეფასებით, რუსეთის მონაწილეობა "იტალიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".

"Pussy Riot-ი ბიენალეზე მიემგზავრება ალტერნატიული, საპროტესტო განაცხადით, რათა სირცხვილით არ დავიწვათ. ჩვენ გვსურს უპირობო მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მსხვერპლთა, რუსეთის პოლიტპატიმრებისა და უკრაინელი ტყვეების მიმართ. რუსეთის საუკეთესო მოქალაქეები ან ციხეებში სხედან ანტისაომარი ჟესტებისთვის, ან მოკლულები არიან, სანამ ევროპა პუტინის ჩინოვნიკებს და პროპაგანდისტებს კარს უხსნის", - წერს ტოლოკონიკოვა სოციალურ ქსელ X-ში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG