„რუსეთი, პუტინი, გამარჯვება“ - სპიკერმა ვოლოდინმა მე-8 მოწვევის დუმის სესია დახურა

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

მუშაობა დაასრულა რუსეთის მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმამ. მე-9 მოწვევის დეპუტატების არჩევნები 2026 წლის სექტემბერშია.

27 ივლისს, პლენარული სესიის ბოლო სხდომაზე მე-8 მოწვევის დუმის საქმიანობა სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა შეაჯამა, რის შემდეგაც დეპუტატებს მოუწოდა, ქვეყნისთვის იბრძოლონ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მტრების მცდელობას, ქვეყანაში პანიკა დათესონ და განაცხადა, რომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება და ერთიანობა.

„პარტიები ბევრია, სამშობლო ერთი. რუსეთი, პუტინი, გამარჯვება!“, - ამ სიტყვებით დაასრულა ვოლოდინმა თავისი ოფიციალური გამოსვლა და შემდეგ დეპუტატებს მიმართა: „კოლეგებო, რუსეთი, პუტინი, გამარჯვება!“.

ვოლოდინმა ეს სიტყვები კიდევ სამჯერ გაიმეორა, თუმცა დუმის დეპუტატებს, ფეხზე წამოდგომისა და ტაშის მიუხედავად, სპიკერის მიერ საერთო ჯამში, ხუთჯერ ზედიზედ ნათქვამი სიტყვების სკანდირება არ დაუწყიათ.

ასევე ნახეთ

ბზარები კრემლის კედელში - რამდენად ახლოსაა პუტინის რეჟიმი კრიზისთან?

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2021 წლის სექტემბრში ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ედინაია როსია".

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დუმამ, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით, მიიღო უკრაინაში ანექსირებული ახალი ტერიტორიების დაკანონებასთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი და რუსეთის მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო შემზღუდავი არაერთი კანონი.

მათ შორისაა ე.წ. ფეიკების კანონი, რომლის საფუძველზეც, თუ რუსული არმიის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა, გამავრცელებელი ჯარიმით, ან პატიმრობით ისჯება.

ვოლოდინი პუტინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მაღალჩინოსანია. მას უკრაინაში დაუსწრებლად აქვს მისჯილი 15-წლიანი პატიმრობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისთვის.