Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბზარები კრემლის კედელში - რამდენად ახლოსაა პუტინის რეჟიმი კრიზისთან?

კრემლის კედელი
კრემლის კედელი

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების იერიშების ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ გაჩნდა კრემლის კედელში პირველი სერიოზული ბზარი? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეჟიმი ჯერჯერობით კრიზისს უმკლავდება, თუმცა ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე მზარდი ზეწოლის გამო პუტინის სისტემა ახალ გამოცდას გადის.

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე შექმნილი სტრატეგიული ჩიხი, ბენზინის კრიზისი და სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები აჩენს კითხვას, რამდენად მდგრადია რუსეთის რეჟიმი. აკონტროლებს თუ არა ვლადიმირ პუტინი ვითარებას? ემუქრება თუ არა რუსეთს ეკონომიკური კოლაფსი, სოციალური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა?

სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება NEST-ის (New Eurasian Strategies Centre) ახალი ანგარიში - „ბზარები კრემლის კედელში“, რომელიც რუსეთის რეჟიმის მდგრადობას აანალიზებს.

NEST-ის ანგარიშის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებული არ არის ბოლო დროს Wildberries-ის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე გახშირებული დრონების იერიში, პუტინის რეჟიმი კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ.

„რეჟიმის კრახი, დიდი ალბათობით, მხოლოდ პუტინის სიკვდილმა ან მძიმე ავადმყოფობამ შეიძლება გამოიწვიოს. რეჟიმისთვის საფრთხე ასევე შეიძლება შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური პრობლემები, ელიტის ფრაგმენტაცია, პოლიტიკური ცვლილებები და ომის სოციალური შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა და ურთიერთგაძლიერებას დაიწყებს“, - ნათქვამია ანგარიშში, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია:

  • რუსეთის ეკონომიკა, მიუხედავად მისი არაეფექტიანობისა, საკმაოდ მდგრადად რჩება. მსოფლიო სასაქონლო ბაზრები ამ ეტაპზე რეჟიმისთვის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან წყაროდ არ განიხილება.
  • რუსეთის ელიტა, მათ შორის სპეცსამსახურები, კვლავ დაყოფილია და თითოეული მათგანი პუტინზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ პირობებში ეს კრემლის კონტროლს აძლიერებს, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა ელიტებს შორის არაერთმა კონფლიქტმა იჩინოს თავი.
  • პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ სტრუქტურულ სისუსტედ რჩება უთანხმოება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და ე.წ. პრაგმატიკოსებს შორის (ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით).
  • სამხედროებში არსებობს უკმაყოფილების საფუძველი, თუმცა არ ჩანს არაფორმალური ლიდერი, რომელიც ამ უკმაყოფილებას ორგანიზებულ სახეს მისცემდა. ასეთი ფიგურის არარსებობისა და იმის გათვალისწინებით, რომ შეიარაღებული ძალები დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ არ მიიჩნევა, სამხედროების პოლიტიკაში ჩარევა ნაკლებად სავარაუდოა.
  • ელიტის მუდმივი განახლება გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო აპარატის პარალიზების რისკს ამცირებს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ზრდის რეჟიმის მოწყვლადობას ბიუროკრატიული კონფლიქტების, რეპრესიების გაძლიერებისა და ადმინისტრაციული შეფერხებების ალბათობის გამო.
  • რუსეთის საზოგადოება უფრო პასიურია, ვიდრე საპროტესტო განწყობებისკენ მიდრეკილი. თუმცა მასობრივი დემობილიზაცია და მილიტარისტული ჯგუფების რადიკალიზაცია შესაძლოა დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას შიდა ელიტური კონფლიქტები ან მმართველობის კრიზისი დაემთხვევა.
  • ყველაზე სავარაუდო სცენარად კვლავაც მიიჩნევა რეჟიმის ბუნებრივი დასასრული პუტინის სიკვდილთან ერთად. მეორე ყველაზე რეალისტური სცენარია ელიტის გახლეჩა, თუ პუტინი მნიშვნელოვნად დასუსტდება და უზენაესი არბიტრის ფუნქციის შესრულებას ვეღარ შეძლებს. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია სახალხო აჯანყება, თუმცა თუ ის მაინც მოხდება, დიდი ალბათობით, მისი ინიციატორი არა ლიბერალური ანტისაომარი მოძრაობა, არამედ რადიკალიზებული პროსაომარი ჯგუფები იქნებიან.


NEST-ის ცენტრის ანგარიშის ავტორების დასკვნით, რუსეთში მოქმედი რეჟიმისთვის ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნებოდა პუტინის მძიმე ავადმყოფობა, სიკვდილი ან ქმედუუნარობა.

„ასეთ ვითარებაში სისტემა, სავარაუდოდ, ვერ გადარჩებოდა. დესტაბილიზაციის სხვა სცენარები, დიდი ალბათობით, მხოლოდ რამდენიმე უარყოფითი ფაქტორის ერთდროული დამთხვევის შემთხვევაში რეალიზდება - ამ დროს სისტემას დაგროვილი შიდა დაძაბულობის გამო მათთან გამკლავება გაუჭირდება. პუტინის სისტემამ ცალკეული კრიზისების მართვა ისწავლა, თუმცა ომი მუდმივად წარმოშობს ახალ რისკებსა და დაძაბულობის კერებს. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, ამ პრობლემების ნაწილი შეიძლება გადაიფაროს, გადაიდოს ან აიხსნას საგანგებო გარემოებებით“, - ვკითხულობთ ანგარიშის დასკვნით ნაწილში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა არანაკლებ მძიმე გამოცდა აღმოჩნდეს ომის დასრულება, რადგან რუსეთის ხელისუფლებას ერთდროულად მოუწევს: "დემობილიზაციის პროცესის მართვა; სამხედრო ხარჯების შემცირება; ვეტერანთა მოლოდინების გათვალისწინება და რეჟიმის ლეგიტიმაციის ახალი მოდელის მოძიება. ომის შემდგომი გარდამავალი პერიოდი ხელისუფლებისთვის ერთგვარი „სტრეს-ტესტი“ იქნება და შესაძლოა გამოავლინოს ისეთი წინააღმდეგობები, რომლებიც ომის პირობებში ნაკლებად შესამჩნევი იყო ან რომელთა შეკავებას კრემლი ახერხებდა“.

  • რა საფრთხეებს უქმნის პუტინის რეჟიმს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და შესაძლო ახალი მობილიზაცია?
  • შესაძლებელია თუ არა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება?
  • გადაიტანს თუ არა სისტემა პუტინის სიკვდილს ან ხელისუფლებიდან წასვლას?
  • აცნობიერებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს?

ამ საკითხებზე NEST-ის ცენტრის ექსპერტს, ნიკოლაი პეტროვს რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია ესაუბრა.

„ვფიქრობ, პუტინი დიდწილად აცნობიერებს, რამდენად სერიოზულია ვითარება. სჯობს, სწორედ ამ ვარაუდიდან გამოვიდეთ, ვიდრე ვეძებოთ მისი ქცევის ირაციონალური ახსნა, - ამბობს ნიკოლაი პეტროვი, - პრობლემა იმდენად ლიდერის არაადეკვატურობაში არ არის, რამდენადაც იმაში, რომ მისი გარემოცვა უკიდურესად შეზღუდული და სპეციფიკურია. დღეს პუტინის ირგვლივ ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. პრაქტიკულად აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც ადრე შეეძლოთ განსხვავებული აზრის გამოთქმა ან ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება“.

მკვლევრის თქმით, ქვეყნის ლიდერისთვის, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან (КГБ) არის გამოსული და უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია ხელისუფლებაშია, გასაკვირი იქნებოდა, ინფორმაცია განსხვავებული წყაროებიდან მიეღო და რომელიმე ერთის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.

გადაურჩება თუ არა ეს სისტემა პუტინის სიკვდილს? - ამ კითხვის პასუხად ნიკოლაი პეტროვი ამბობს, რომ გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება დროის ფაქტორს - როდის და როგორ მოხდება ეს.

„რა თქმა უნდა, სტალინის სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები გარკვეულ ანალოგიებზე გვაფიქრებს, - ამბობს მკვლევარი, თუმცა, მისი აზრით, თითქმის ყველაფერი დამოკიდებული იქნება ძალოვანი სტრუქტურების მდგომარეობაზე:

ნიკოლაი პეტროვი
ნიკოლაი პეტროვი

„მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს ძალოვანი კორპორაციები გაცილებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ადამიანები, რომლებიც ამ კორპორაციებს ხელმძღვანელობენ, პოლიტიკურ მოთამაშეებად არ გვევლინებიან. სწორედ ეს არის ძალოვანი სისტემის კონტროლის მექანიზმი. უწყებების სათავეში ან გარე ადამიანები ინიშნებიან (როგორც თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა ანდრეი ბელოუსოვი) ან თანამდებობებზე რჩებიან ძველი კადრები, ხანდაზმული ჩინოვნიკები, რომლებსაც ყოველწლიურად ხელახლა ნიშნავს თანამდებობაზე პუტინი. ამის მაგალითია საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ან იგივე ФСБ-ის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი - პუტინი მათ სამსახურის ვადას ყოველწლიურად უხანგრძლივებს. ასაკიდან გამომდინარე, მათ არც პოლიტიკური ამბიციები აქვთ და არც იმის შესაძლებლობა, რომ კრემლის გეგმებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აწარმოონ".

ნიკოლაი პეტროვის თქმით, ამ ადამიანებს პირადად პუტინი აკონტროლებს და სწორედ ის ცვლის მათ. შესაბამისად, თუ წარმოვიდგენც არა პუტინის წასვლას, არამედ უბრალოდ დასუსტებას, მაშინ ცხადია ასეთი პუტინი ვეღარ შეძლებს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობის ისე შეცვლას, როგორც ამას დღეს აკეთებს.

"ასეთ შემთხვევაში ძალოვან კორპორაციებს უკვე თავად შეეძლებათ საკუთარი რიგებიდან ძლიერი ფიგურების წამოწევა ლიდერებად. სწორედ მაშინ შეიძენენ ძალოვანი სტრუქტურები გაცილებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს. დღეს ეს ასე არ არის და არც იქნება, თუნდაც პუტინი გარკვეული ხნით გაქრეს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რა მოუვა სისტემას, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: თუ გარდამავალი პერიოდი გაურკვევლობით, ქაოსითა და შიდა კონკურენციით ერთ-ორ წელს გაგრძელდება, ძალოვანი კორპორაციები ამ დროში ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშეებად ჩამოყალიბდებიან და შემდეგ უკვე თავადაც მოახდენენ გავლენას პროცესებზე. თუ კი პრობლემა შედარებით სწრაფად მოგვარდება, მათზე კონტროლი სხვა ხელში გადავა და, შესაძლოა, მათ დამოუკიდებელი პოლიტიკური სიტყვის თქმაც ვეღარ მოასწრონ", - მიიჩნევს პოლიტოლოგი ნიკოლაი პეტროვი.

ანგარიში „ბზარები კრემლის კედელში“ 2026 წლის დასაწყისში მომზადდა და გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა ივნის-ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარმატებით მიიტანეს საჰაერო იერიში.

ცვლის თუ არა რუსეთზე განხორციელებული დარტყმები პუტინის რეჟიმის პერსპექტივებს?

NEST-ის უფროსი ექსპერტის ჯონ ლაფის თქმით, ე.წ. „უკრაინული კინეტიკური სანქციები“ - უკრაინული დრონების იერიშები, გარკვეულ შედეგებს მართლა იძლევა, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა ასეთი ინტენსივობის შენარჩუნებას:

“ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში რუსული მხარე ამ დარტყმების წინააღმდეგ გარკვეულ „ანტიდოტს“ იპოვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო სწორედ მოულოდნელობის ფაქტორია. ვფიქრობ, ექვსი თვის წინ თითქმის არავის სჯეროდა, რომ უკრაინა შეძლებდა ომში ძალთა ბალანსის გარკვეულწილად შეცვლას. ამ ეტაპზე უკრაინას გარკვეული უპირატესობა აქვს. მან გამოავლინა, რომ რუსეთს, მოსკოვშიც კი, სათანადო საჰაერო თავდაცვის სისტემა არ გააჩნია. ჯერჯერობით უკრაინა ამ შესაძლებლობას საკმაოდ ეფექტიანად იყენებს. ამიტომ მთავარი კითხვა ისაა, რამდენად შეძლებენ ახლა რუსეთის ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები საწვავის კრიზისის მართვას. რამდენად მოახერხებენ ისინი ან ბაზრის სტაბილიზებას, ან საწვავის დამატებითი მარაგების მოძიებას”.

ჯონ ლაფის თქმით, რუსეთისთვის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პერიფერიებთან დამაკავშირებელი ლოგისტიკური სისტემის აღდგენა და ორგანიზება, რომ სასოფლო-სამეურნეო პროფილის რეგიონების უმრავლესობამ დროულად მიიღოს საჭირო რაოდენობის საწვავი.

ჯონ ლაფი
ჯონ ლაფი

“გარდა ამისა, ცალკე პრობლემაა ყირიმი, რადგან არავინ ვარაუდობდა, რომ იქ ასეთი მასშტაბური სირთულეები შეიქმნებოდა. თუმცა, მე ომის ამ ეტაპს მუდმივ მოვლენად არ განვიხილავ”, - ამბობს NEST-ის ექსპერტი ჯონ ლაფი.

თუმცა მისი ვარაუდის საწინააღმდეგოდ, თვეზე მეტია რუსეთი ვერ უმკლავდება უკრაინული დრონების იერიშებს ვერც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე, ვერც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ვერც ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და ვერც რუსული მარკეტპლეისების ლიდერი კომპანიის, Wildberries-ის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე.

ეკონომიკის ექსპერტების თქმით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანით იქმნება არა მხოლოდ ბენზინის დეფიციტი, არამედ იზრდება:

  • საწვავის წარმოების თვითღირებულება;
  • ქარხნების აღდგენის ხარჯები;
  • ლოგისტიკური დანახარჯები;
  • სამხედრო ობიექტების დაცვის ღირებულება.

ეს ყველაფერი კი ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის დატვირთვას, რომელიც ისედაც დეფიციტურია და ომის ხარჯებით არის გადატვირთული.

რაც შეეხება Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებსა და საწყობებზე განხორციელებულ იერიშებს. ექსპერტთა თქმით, ეკონომიკურზე მეტად ამ იერიშებს აქვთ ლოგისტიკური, კომერციული და ფსიქოლოგიური გავლენა:

  • პირდაპირი ეკონომიკური ზარალი - მოიცავს საწყობების, საქონლის მარაგებისა და ავტომატიზებული ლოგისტიკური სისტემების განადგურებას. ასეთი ობიექტების აღდგენას შეიძლება თვეები დასჭირდეს, ხოლო ზარალი ასობით მილიონ ან მილიარდ რუბლს აღწევდეს.
  • მიწოდების ჯაჭვების დარღვევა - ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შენობების დაზიანება. Wildberries რუსეთის უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა და მისი სადისტრიბუციო ცენტრების დროებით მწყობრიდან გამოსვლა იწვევს შეკვეთების დაგვიანებას, რეგიონებში საქონლის დეფიციტს და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას.
  • მცირე და საშუალო ბიზნესი - ყველაზე მეტად ეს სექტორი ზარალდება. Wildberries-ზე ასიათასობით გამყიდველი მუშაობს და ლოგისტიკური შეფერხებები მათ შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.
  • დაზღვევისა და უსაფრთხოების ხარჯების ზრდა - კომპანიებს უწევთ მეტი თანხის დახარჯვა საწყობების დაცვაზე, დაზღვევასა და ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების შექმნაზე.


პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ ომი უკვე რუსეთის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სიღრმეშიც აღწევს. თუ ადრე ძირითად სამიზნეს სამხედრო ან ენერგეტიკული ობიექტები წარმოადგენდა, ახლა ზიანი ადგება სამოქალაქო ლოგისტიკურ ქსელებსაც. გარდა ამისა, ზეწოლა იზრდება მსხვილ კერძო ბიზნესზე. კომპანიებს უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასებსა და მომსახურების ხარისხზეც აისახება. საბოლოო ჯამში, ასეთი შეტევები ამცირებს ბიზნესის ნდობას - როდესაც მსხვილი სადისტრიბუციო ცენტრები რეგულარულ სამიზნედ იქცევა, იზრდება ინვესტიციების რისკიც.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG