თბილისის საკრებულოსთან დააკავეს დემონსტრანტი

ნოდარ წიწრიაშვილი

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ პოლიციამ დააკავა დემონსტრანტი ნოდარ წიწრიაშვილი. იმავე ადგილზე გუშინ, 26 ივლისს, დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით, მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ბიძინა *ლე? - კი; არა“

„პირველ რიგში, იბრძვი საკუთარი უფლებებისთვის და შემდეგ - სხვისთვის... აუცილებელია, რომ გადავლახოთ შიშები... კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფა არ არის ჩემი კულტურული ფასეულობა, მაგრამ როდესაც ისინი ცდილობენ ჩვენ შეშინებას, ეს არის ფორმა, შიშს არ დაემორჩილო. ბიძინას [ივანიშვილის] შეურაცხყოფა ჩემი თვითმიზანი არ არის“, - თქვა ნოდარ წიწრიაშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

გუშინ, 26 ივლისს, პოლიციამ დედაქალაქის საკრებულოსთან დააკავა თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში ეჭირა ნოდარ წიწრიაშვილის მსგავსი პლაკატი. მას სოლიდარობა გამოუცხადა 10-მდე ადამიანმა, რომლებიც პოლიციამ მალევე დააკავა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობას ედავებიან - რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია:

„საჯარო სივრცეში ეკავათ შეურაცხმყოფელი ბანერები. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს - არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს“.

ასევე ნახეთ

თბილისში 10 ადამიანი დააკავეს "შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის"