Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 10 ადამიანი დააკავეს "შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის"

აქტივისტების დაკავების კადრები
აქტივისტების დაკავების კადრები

მოკლედ

  • თბილისში, საკრებულოსთან თორნიკე თოშხუას დაკავების შემდეგ კიდევ 10 დემონსტრანტი დააკავეს.
  • თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა". ის სავარაუდოდ ამჯერად დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის.
  • თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, რის შემდეგაც, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.
  • შსს-ს ცნობით, დაკავების მიზეზი "შეურაცხმყოფელი ბანერები" გახდა.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მოქალაქეზე დაკავებისას პოლიციელები ფიზიკურად ძალადობენ.

თორნიკე თოშხუა, რომელმაც თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში და რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოსთან დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის დააკავეს - მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა, ლუკა ხიზაძემ, ფეისბუქ LIVE-ს მეშვეობით გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს როგორ უახლოვდება საკრებულოს შენობასთან მდგარ თორნიკე თოშხუას რამდენიმე პოლიციელი, მალევე კი პოლიციის მანქანით განმარტების გარეშე მიჰყავთ.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძე 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თოშხუასთვის სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ნატო ბოლქვაძე. მათ ნაწილს უკვე აქვს ადმინისტრაციული პატიმრობის გამოცდილება.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკავებულს წვრილმან ხულიგობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობას ედავებიან - რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია.

"საჯარო სივრცეში ეკავათ შეურაცხმყოფელი ბანერები. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს - არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს" - წერს უწყება 26 ივნისს, 23:48 წუთზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG