პოლონეთში დააკავეს უკრაინელი წყვილის ცემაში ეჭვმიტანილები

უკრაინის ორ მოქალაქეს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ფიზიკურად გაუსწორდნენ 26 ივლისს

პოლონეთის პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უკრაინის ორი მოქალაქის ცემაში.

  • უკრაინელ წყვილს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ფიზიკურად გაუსწორდნენ 26 ივლისს. თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.
  • უკრაინელი ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

27 ივლისს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ ვროცლავის პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქეების სასტიკად ცემაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი. ერთი მათგანი ვროცლავის დატოვებას ცდილობდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ პოლონეთს მადლობა გადაუხადა ეჭვმიტანილების ოპერატიულად დაკავებისთვის. სიბიჰას განცხადებით, მოელიან სრულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, დანაშაულის ყველა გარემოებისა და მოტივის დადგენას და დამნაშავეთა სამართლიანად დასჯას.

ასევე ნახეთ

ვინ მოხვდება უკრაინის ეროვნულ პანთეონში და რატომ აპროტესტებს ამას პოლონეთი?

პოლონური მედიის ცნობით, მაღაზიიდან გამოსულ უკრაინელ წყვილს სავარაუდოდ, „აქცენტის გამო“ რამდენიმე მამაკაცი აედევნა და როცა ავტომობილში ჩაჯდომას აპირებდნენ, კაცი მიწაზე დააგდეს და ფეხებით შედგნენ, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ ქალსაც, რომელიც ჩარევას ცდილობდა. ინციდენტი ვიდეომეთვალყურეობის კამერამ დააფიქსირა.

უკრაინის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ტვინის შერყევა დაუდგინეს. ქალს ყურის ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

  • დაახლოებით ერთი კვირით ადრე, 20 ივლისს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში სცემეს 60 წლის კაცს. ის ცდილობდა უკრაინელი ბიჭის დაცვას, რომელსაც სამი მამაკაცი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უამრავი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა” წერს, პოლონეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მომხრეთა რაოდენობას. ბოლო ექვს თვეში პოლონეთის პოლიციაში 30%-ით გაიზარდა მიმართვები სიძულვილის ნიადაგზე უკრაინელების მიმართ ჩადენილი სხვადასხვა ქმედების გამო. უკრაინის ელჩმა პოლონეთში ვასილ ბოდნარმა იმედი გამოთქვა, რომ ეს „დროებითი მოვლენაა“.