"არავინ და არასოდეს გვიკარნახებს, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვილაპარაკოთ, ვინ გვიყვარდეს, ვის მიმართ ვიყოთ მადლიერნი და რომელ გმირებს ვცეთ პატივი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს, უკრაინის ეროვნული პანთეონის შესახებ კანონპროექტის უმაღლეს რადაში შეტანის წინ. უკრაინის პარლამენტმა 287 ხმით მხარი დაუჭირა ზელენსკის მიერ ინიციირებულ პროექტს.
პოლონეთში ეს განცხადება და უმაღლესი რადის გადაწყვეტილება აღიქვეს, როგორც „ესკალაციის შემდეგი ეტაპი“, თუმცა უკრაინაში აცხადებენ, რომ ეროვნული პანთეონის შექმნის იდეა ახალი არ არის: უკრაინაში ამაზე დიდი ხანია საუბრობენ, მიმდინარე წელსაც კი ეს საკითხი საჯაროდ განიხილებოდა ჯერ კიდევ პოლონეთთან დიპლომატიურ დავამდე.
რა არის ცნობილი მიღებული კანონის შესახებ? სად უნდა განთავსდეს პანთეონი? ვის შეიძლება მიაგონ პატივი და რა საკითხები რჩება ჯერ კიდევ გაურკვეველი?
„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ეროვნული მეხსიერების ფორმირებასა და საზოგადოების კონსოლიდაციას საერთო ისტორიის ირგვლივ,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა ვერეშჩუკი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის მიხედვით, „უკრაინის ეროვნული პანთეონი” უკრაინელი ხალხის საერთო ეროვნული მეხსიერების ადგილი. ეს არის მემორიალური კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი ერის გამორჩეული წარმომადგენლების პატივსაცემად - იმ ადამიანებისა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და აღდგენაში, სახელმწიფოს შექმნაში, სუვერენიტეტის დაცვაში, უკრაინელი ერისა და შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში, ასევე მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, უკრაინული ენის, სამოქალაქო საზოგადოების ან რელიგიის განვითარებაში.
ვინაიდან საუბარია მემორიალურ კომპლექსზე, სამართლებრივად პანთეონი ჩვეულებრივ სასაფლაოს არ გაუთანაბრდება. მისთვის იმოქმედებს სპეციალური წესები, რომლებიც ცალკე კანონით განისაზღვრება.
ვის მიაგებენ პატივს?
პანთეონში პატივს მიაგებენ „უკრაინელი ერის უდიდეს წარმომადგენლებს“. მათ შორის შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ისტორიული ეპოქის უკრაინული სახელმწიფოების მეთაურები, უკრაინის პრეზიდენტები (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმპიჩმენტის წესით გადააყენეს), სხვადასხვა ეპოქის უკრაინული სამხედრო ფორმირებების მთავარსარდლები და თანამედროვე ომის პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) სარდლები.
ასევე, პანთეონში შეიძლება პატივი მიაგონ იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს შექმნაში, დამოუკიდებლობის დაცვაში, კულტურის, სამხედრო საქმის, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის, უკრაინული ენის, სამოქალაქო საზოგადოების ან რელიგიის განვითარებაში. გარდა ამისა, პატივის მიგება შესაძლებელია ნობელის პრემიის ლაურეატებისა და მსოფლიო დონის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებისთვისაც, რომელთა საქმიანობა უკრაინასთან არის დაკავშირებული.
თუმცა, კანონით პანთეონში პატივს ვერ მიაგებენ იმ პირებს, რომლებიც დამნაშავედ არიან ცნობილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე იმ პირებს, რომლებზეც ვრცელდება კანონები კომუნისტური, ნაცისტური და რუსული ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობის შესახებ. მაგალითად, ეს ეხება კომუნისტური ან ნაცისტური რეჟიმების ხელმძღვანელებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას უწევდნენ პროპაგანდას.
სად განთავსდება პანთეონი?
კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ პანთეონი განთავსდება კიევში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
თუ მისი აშენება გადაწყდება დაცული ტერიტორიის ან კიევის ისტორიული ნაწილის ფარგლებში, ამისთვის ამ ტერიტორიის დანიშნულების ან სტატუსის შეცვლა საჭირო არ იქნება. ამასთან, პროექტმა უნდა უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, დაცული ბუნებრივი ტერიტორიებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების შენარჩუნება.
იმისთვის, რომ პანთეონის მშენებლობა და ფუნქციონირება მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებოდეს, ახალი კანონი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას უკრაინის კიდევ ექვს კანონში.
როგორი იქნება პანთეონი?
პანთეონის პროექტი გამოვლინდება ღია საერთაშორისო ან სრულიად უკრაინული არქიტექტურული კონკურსის შედეგად. მშენებლობის დამკვეთსა და იმ იურიდიულ პირს, რომელმაც მემორიალური კომპლექსი უნდა მართოს, უკრაინის მთავრობა განსაზღვრავს, ხოლო დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კანონით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
პანთეონში პატივის მიგება მხოლოდ საპატიო გადასვენებით არ შემოიფარგლება. ღვაწლმოსილი ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად შესაძლებელი იქნება კენოტაფების (სიმბოლური საფლავების), საფლავის მონუმენტების, მემორიალური დაფებისა და სხვა მემორიალური ელემენტების განთავსებაც.
ასევე მთავრობა დაამტკიცებს, როგორი იერსახე ექნება ამ მემორიალურ ელემენტებს. მათი დიზაინიც არქიტექტურული კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება.
პანთეონში 24-საათიანი საპატიო ყარაული იმსახურებს.
როგორ მოხდება პატივის მიგება?
კანონი განსაზღვრავს, რა პირობებში შეიძლება გამორჩეული (ღვაწლმოსილი) პირის საპატიო გადასვენება პანთეონში. ეს შესაძლებელი იქნება, თუ მისი საფლავი (ან ნეშტის ურნა) განადგურების საფრთხის ქვეშ არის ან მძიმე მდგომარეობაშია, თუ დაკრძალვის ადგილი საზღვარგარეთ მდებარეობს, თუ აღმოჩენილია ნეშტის დაუკრძალავი ფრაგმენტები, ან თუ ადამიანი გარდაიცვალა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.
მთლიანობაში, საპატიო გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის შემდეგ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს.
კანონის თანახმად, საპატიო გადასვენება, კენოტაფების, მემორიალური დაფების გახსნა და პატივის მიგების სხვა ცერემონიები, როგორც წესი, გაიმართება სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის - პრეზიდენტის, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით. საპატიო გადასვენება სამხედრო პატივით შესრულდება.
როგორ მიიღებენ გადაწყვეტილებას პატივის მიგების შესახებ?
პანთეონში დაკრძალვით პატივის მისაგებად კანდიდატურების განსახილველად შეიქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც კონკურსის წესით შევლენ ისტორიკოსები, მეცნიერები და სხვა სპეციალისტები, ასევე უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკონსულტაციო ორგანო შეამოწმებს, შეესაბამება თუ არა კანდიდატი კანონის მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ისტორიკოსებსა და სხვა ექსპერტებს, გამართავს საზოგადოებრივ განხილვას და მოამზადებს დასკვნას. კონკურსის ჩატარებისა და ორგანოს შემადგენლობის ფორმირების წესს უკრაინის მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) დაამტკიცებს.
თუ საკითხი გადასვენებას ეხება და გარდაცვლილს ახლო ნათესავები ჰყავს, აუცილებელი იქნება მათი თანხმობა. თუ ნათესავები უარს განაცხადებენ, პანთეონში გადასვენების წინადადება ხელახლა არ განიხილება მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში.
საბოლოო გადაწყვეტილებას გადასვენების, კენოტაფის მოწყობის ან პატივის მიგების სხვა ფორმის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა მიიღებს კენჭისყრის გზით. ამისათვის პარლამენტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოუწევს კანონის შეცვლა და მასში შესაბამისი პირის სახელის დამატება.
კიდევ რა იქნება პანთეონში?
პანთეონის მონახულება გახდება უკრაინის სახელმწიფო პროტოკოლისა და ოფიციალური ცერემონიების განუყოფელი ნაწილი. მაგალითად, პრეზიდენტი ან უცხო ქვეყნის ლიდერები ოფიციალური ვიზიტების დროს მიიტანენ ყვავილებს, მონაწილეობას მიიღებენ მემორიალურ ცერემონიებში და სხვა მსგავსი ღონისძიებებში.
კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ პანთეონში გაიმართება უკრაინის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის ცერემონია. დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რომელ ჯილდოზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლება „უკრაინის გმირის“ წოდება.
ასევე შეიქმნება ხსოვნის წიგნი, რომელშიც შეიტანენ ინფორმაციას ყველა იმ პირის შესახებ, ვისაც პანთეონში დაკრძალვით მიაგებენ პატივს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კიევში კონკრეტულად სად მოეწყობა პანთეონი, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორი იქნება მისი საბოლოო არქიტექტურული სახე და ვინ იქნება პირველი ადამიანი, რომლის ხსოვნასაც იქ გადასვენებით მიაგებენ პატივს.
ვარშავის რეაქცია
უკრაინაში პანთეონის შესახებ კანონის მიღება დაემთხვა კიევსა და ვარშავას შორის დიპლომატიური დაპირისპირების გამწვავებას. ივნისში პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, „თეთრი არწივის“ ორდენი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის არმიის ერთ-ერთ ელიტურ ქვედანაყოფს ზელენსკიმ მიანიჭა „УПА-ს (უკრაინის ამბოხებული არმია) გმირების“ სახელი. უკრაინის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ისტორიული ტრადიციების აღდგენით ახსნა, თუმცა პოლონეთში მას მწვავე აღშფოთება მოჰყვა.
პოლონეთში ბევრი მიიჩნევს, რომ უკრაინის აჯანყებული არმია (УПА) პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელების მკვლელობებზე, მაშინ როდესაც ბევრი უკრაინელისთვის УПА დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას, განაცხადა, რომ „ვერავინ და ვერასოდეს“ უკარნახებს უკრაინას, „რომელ გმირებს უნდა სცემდეს პატივს“.
უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა პოლონელი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ვარშავაში ეს განცხადება პოლონეთის მისამართით გაკეთებულ დემარშად აღიქვეს, ხოლო კრიტიკის ობიექტად თავად პანთეონის შექმნის ინიციატივაც იქცა.
პოლონეთში ვარაუდობენ, რომ პანთეონში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერებიც მოხვდებიან, მათ შორის ისინიც, რომლებსაც პოლონეთი 1943 წლის ვოლინის ტრაგედიასთან - ეთნიკური პოლონელების მასობრივ მკვლელობასთან - აკავშირებს. ასევე სახელდება უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (ОУН) ერთ-ერთი ლიდერი, ანდრი მელნიკი, რომელიც 1964 წელს გარდაიცვალა და, რომლის ნეშტი ცოტა ხნის წინ ლუქსემბურგიდან უკრაინაში გადაასვენეს (დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ).
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის განცხადების პასუხად თქვა, რომ „ვერავინ და ვერასოდეს“ უკარნახებს პოლონეთს, „ვის დაეხმაროს და ვის - არა“.
პოლონეთის კიდევ ერთმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) პოლიტიკოსმა მატეუშ მორავეცკიმ ზელენსკის განცხადებას „პოლონეთისთვის გაწნული კიდევ ერთი სილა“ უწოდა.
პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კანცელარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეროვნული პანთეონის შესახებ კანონის მიღება შეფასებულია, როგორც „უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ესკალაციის შემდეგი ეტაპი“. ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტი ნავროცკი მართალი იყო, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.
ვარშავასა და კიევს შორის გამწვავებული ურთიერთობის განეიტრალებას ცდილობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომლის მერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება მხოლოდ კანონპროექტის საბოლოო ვერსიისა და იმ პირთა სრული სიის გაცნობის შემდეგ უნდა გაკეთდეს, რომელთა სახელებიც პანთეონში უნდა შევიდეს.
"პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა კიევს მოუწოდებს, ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად კეთილი ნება გამოიჩინოს. ამის შესახებ 3 ივლისს განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, - იუწყება გამოცემა РБК-Украина Polskieradio24-ზე დაყრდნობით.
ტუსკის თქმით, ვარშავა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას, მათ შორის მომავალ მოლაპარაკებებზე, არ შეცვლის. მთავრობის მეთაურმა პოლონელ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, უკრაინისთვის სამომავლო ფინანსური დახმარების შესახებ განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
„უკრაინა ომშია, მაგრამ პოლონეთი ჩვენი საზღვრის დაცვის ძირითად ტვირთს ატარებს. ამასთან, ის ასევე იცავს ევროპის საზღვარს აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე ხედავს უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან „იმის გაცნობიერების ნიშნებს“, თუ რამდენად საზიანოა დაძაბულობის ესკალაცია, „რომელზეც პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ“.
„უნდა ვეძებოთ გზები წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის და არ ღირს ამ დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება“, - აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, პოლონეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობები ორივე ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა ამისთვის ორივე მხარის კეთილი ნებაა საჭირო.
„ვარშავა ვეღარ იქნება ერთადერთი, ვინც მუდმივად კეთილ ნებას ავლენს. თუმცა, ვისურვებდი, რომ ამ მტკიცე პოზიციას თან არ ახლდეს არც ზიზღი და არც მტრული დამოკიდებულება, რადგან ეს მნიშვნელოვან შედეგს ვერ მოიტანს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
„პანთეონის იდეა სულ ცოტა 20 წელს ითვლის“
უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ისტორიკოსმა და უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა Radio NV-თვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ იქმნება სწორედ ახლა უკრაინის ეროვნული პანთეონი.
“უპირველეს ყოვლისა, ეს არის იმგვარი ობიექტის შექმნა, რომლის ანალოგებიც უკვე არსებობს და მრავალ ევროპულ ქვეყანაში ღრმა ტრადიციად არის ქცეული. პოლონეთში - კრაკოვის ველზე, დიდ ბრიტანეთში - ვესტმინსტერის სააბატოში, პარიზში - ცალკე პანთეონია, ლისაბონშიც არსებობს მსგავსი ადგილი... ეს არის ევროპული ტრადიცია, რომლის მიზანიც კონკრეტული ერის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწეების პატივისცემაა”, - ამბობს ვიატროვიჩი, რომლის თქმითაც, უკრაინაში პანთეონის შექმნის იდეას 20 წლის ისტორია მაინც აქვს:
“პირველად გაჟღერდა ეს საკითხი ჯერ კიდევ ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში გაჟღერდა. სწორედ იუშჩენკო იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შემდეგ წინა მოწვევის უმაღლესმა რადამ უკრაინის ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო. ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებას. საბოლოოდ კი, ამ კანონის მიღებით, პროექტი განხორციელების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა”.
პოლონეთის რეაქციაზე კომენტირებისას უკრაინელი ისტორიკოსები ამბობენ, რომ პანთეონის შექმნა არა პოლიტიკური, არამედ ეროვნული მნიშვნელობის საკითხია.
„პოლონეთს ჰყავს თავისი „არმია კრაიოვა“, რომელმაც, თუ ზუსტ რიცხვებს დავეყრდნობით, სხვადასხვა შეფასებით, ვოლინში 30-დან 40 ათასამდე უკრაინელი გაანადგურა, - ამბობს ისტორიკოსი და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის მკვლევარი ალინა პონიპალიაკი, - უკრაინელებს ხოცავდა პოლონეთის „არმია კრაიოვა“, რომელიც, სხვათა შორის, პოლონეთში ეროვნულ გმირად არის გამოცხადებული. რაც შეეხება უკრაინელებს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (КМИС) გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 30%-ზე მეტი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიიჩნევს УПА-ს მებრძოლებს გმირებად და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის თავდადებულებად, ხოლო გამოკითხულთა 50% თვლის, რომ ეს საკითხი საერთოდ არ უნდა იყოს განხილვის საგანი და არცერთ ქვეყანას - იქნება ის ჩვენი მოკავშირე თუ მოწინააღმდეგე - არ აქვს უფლება, გვიკარნახოს, ვის უნდა მივაგოთ პატივი.“
უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 1 ივლისს მიღებულ კანონზე მუშაობდა სახალხო დეპუტატების, ისტორიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კანონპროექტთან ერთად წარედგინათ იმ პირების სიაც, რომლებიც პანთეონში მოხვედრის ყველაზე ღირსეულ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ. თუმცა ამ საკითხმა მწვავე დისკუსია გამოიწვია, მაგალითად მხატვარ ილია რეპინის ფიგურასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ბევრი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ რეპინი რუსებს უნდა „წავართვათ“, - განაცხადა უკრაინის სახალხო დეპუტატმა ნიკიტა პოტურაევმა, - რადგან მას სადავო თვითიდენტიფიკაცია ჰქონდა. თუმცა სწორედ მან შექმნა ტილოები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი იდენტობის, არამედ ჩვენი ეროვნული მითოლოგიის ნაწილად იქცა - „ზაპოროჟიელი კაზაკები წერილს წერენ თურქეთის სულთანს“, „ჰოპაკი“, „ზაპოროჟიელი კაზაკების თავისუფლება“. ეს უბრალოდ ნახატები არ არის. რეპინი ჩვენია თუ რუსი? ან, მაგალითად, ნიკოლაი გოგოლი, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად უკრაინელ მწერლად მივიჩნევ“.
ვინ მოხვდება უკრაინის ეროვნულ პანთეონში, ამას სპეციალური კომისია განსაზღვრავს. სავარაუდოდ, სიაში რამდენიმე ათეული სახელი შევა: კიევის რუსეთის ეპოქის მთავრები, უკრაინელი ჰეტმანები, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (УНР) პერიოდის მოღვაწეები და უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერები.
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკვე მოუწოდა ხელისუფლებას, უკრაინაში გადაასვენონ ჰეტმან ივან მაზეპას, უკრაინის პირველი კონსტიტუციის ავტორის ფილიპ ორლიკის, მთავარი ატამანის სიმონ პეტლიურას, ჰეტმან პავლო სკოროპადსკის, პოლკოვნიკ ევჰენ კონოვალეცის, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (ОУН) ლიდერის სტეპან ბანდერას და სხვა გამოჩენილი უკრაინელების ნეშტები.
„უკრაინის ეროვნული დიდების პანთეონი ვერ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენი დიდი შვილების ნეშტები უცხოეთში განისვენებენ. უკრაინამ თავისი გმირები სამშობლოში უნდა დააბრუნოს“, - დაწერა ვიქტორ იუშჩენკომ Facebook-ზე.
ფორუმი