"ეროვნული ფასეულობების" დაცვას კიდევ ერთი ჯგუფი გეგმავს

კადრი ვიდეოდან: საინიციატივო ჯგუფის წევრები

"ეროვნული ფასეულობების" დაცვისთვის საკანონმდებლო საფუძვლების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დაფუძნების შესახებ განაცხადეს მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ. მათ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ამის შესახებ ჟურნალისტთა ფედერაციის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს.

მათი განცხადებით, საუბარია კანონებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.

„თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს", - წაიკითხა მიმართვის ტექსტი გიორგი შანიძემ.

მისივე თქმით, "ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას".

საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ "გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს – დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის". და "თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას".

ამიტომ, მათი განცხადებით, "იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა".

საინიციატივო ჯგუფის წევრები გეგმავენ, კონსულტაცია გაიარონ იურისტებთან, ისტორიკოსებთან, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებთან, "რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა".

"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში”, – განაცხადა მსახიობმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი შანიძემ.

"ეროვნული თაობა"

მანამდე, ისტორიის, სიწმინდეების, წინაპრებისა და რელიგიის დაცვის სურვილზე კიდევ ერთმა საინიციატივო ჯგუფმა გამართა პრესკონფერენცია და მოძრაობა "ეროვნული თაობის" დასაფუძნებლად 28 ივლისს იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა.

ასევე ნახეთ

ქართველიშვილის „ეროვნული თაობა“ რეგისტრაციას ითხოვს - რა წერია წესდებაში?

თუ დღევანდელი პრესკონფერენციის ორგანიზატორების სურვილი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა ,"ეროვნული თაობა", წესდების მიხედვით, თავის მიზანს ხედავს "საქართველოს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრიობის, კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ისტორიული და ეროვნული ღირებულებების" დაცვაში, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

მოძრაობების შექმნის ფონი

ამ მოძრაობების შექმნას წინ უსწრებდა თავდასხმა იუმორისტ, სტენდაპერსა და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე. ის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ნოდარ დუმბაძეზე იხუმრა. კომიკოსმა პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა.

თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა პოლიციაში გამოცხადდა და თქვა, რომ ოქრიაშვილს იმიტომ დაესხა თავს, რომ მან ეროვნული ფასეულობები და კულტურა შეურაცხყო.

ძალადობისთვის დაკავებული ახლა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის გამო ესხმიან თავს.

შეფასებები ახალ მოძრაობაზე

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ მოძრაობის მიზნები და შესაძლო შედეგები განსხვავებულად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ წევრები, ერთი მხრივ, იწონებენ ინიციატივის არსს, თუმცა „კანონის ფარგლებში მოქმედების“ საჭიროებაზე სვამენ აქცენტებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფორმალური დაჯგუფების შექმნა არათუ წაახალისა, თავადაა ორგანიზატორი.

ასევე ნახეთ

ძალადობას გმობენ, მაგრამ თავდამსხმელის ესმით - ონისე ოქრიაშვილის ცემას "ოცნებაში" გამოეხმაურნენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესია არ შეიძლება იყოს საზოგადოებაში ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი და მსგავსი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია.

დეკანოზი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, აზრის გამოხატვისას ადამიანებმა სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს პატივი უნდა სცენ, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერი მოძრაობის ან კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ძალადობისგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან.

ასევე ნახეთ

ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან


ასევე ნახეთ

„მზად ვართ, ციხეშიც წავიდეთ“ - კანონიერია თუ უკანონო „მყისიერი რეაგირების“ დაჯგუფება?