Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ონისე ოქრიაშვილი, იუმორისტი
ონისე ოქრიაშვილი, იუმორისტი

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ ხურცილავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ეპიტაშვილმა 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ის სასამართლო დაბრაზიდან გათავისუფლდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

მედიის ინფორმაციით, ნიკოლოზ ხურცილავას სასამართლოს ეზოში მეგობრები და მხარდამჭერები შეეგებნენ. მათ შორის იყვნენ „ქართულ ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მირზა ჩხაიძე, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი და გია გაჩეჩილაძე („უცნობი“):

"ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი და მწერალი რომ ჰგონიათ. კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას და დღეს ბედნიერი ვარ“, - უთხრა ჟურნალისტებს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

რა მოხდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი თავად გამოცხადდა პოლიციაში და ასე დააკავეს ის.

ოქრიაშვილს სცემეს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. ამის შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.

თავდასხმას წინ უსწრებდა ხელისუფლების მომხრე ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა".

მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.

არსებობს ოქრიაშვილზე თავდასხმის მომენტის ვიდეოჩანაწერიც.

„ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები?!“

თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ოქრიაშვილს ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

„მერე მოვიდა პოლიცია და მეც პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა“, - უთხრა ოქრიაშვილის მეუღლემ, მარიამ სამუშიამ, რადიო თავისუფლებას.

23 ივლისს ტვ "პირველთან" საუბარში ონისე ოქრიაშვილმა თქვა, რომ მისდამი ძალადობა მანიპულაციურად დამახინჯებულმა იმ გამონათქვამებმა გამოიწვია, რას მას არ ეკუთვნის.

"ყველა ის ნათქვამი, რაც მიაკერეს ჩემს ნათქვამს, ჩემს შემოქმედებას, ჩემს საქმიანობას არის უკონტექსტო და მანიპულაციური და საბოლოოდ ამან ის შედეგი მიიღო, რომ მოამწიფეს საზოგადოებაში განწყობა, რომ ჩემზე ძალადობა შეიძლება არ არის ცუდი იდეა.

შემდეგ უკვე დაიქირავეს ადამიანები, რომლებიც ჩამისაფრდნენ სახლთან ღამით, როცა მე მოვდიოდი აქციიდან და გამისწორდნენ ფიზიკურად. მე არ ვიცი, ამ ადამიანებს ფული გადაუხადეს, რაიმეს დაპირდნენ თუ უბრალოდ დააჯერეს, რომ მე ვიმსახურებდი ასეთ ჩასაფრებას..." - თქვა ონისე ოქრიაშვილმა.

ჯერ კიდევ თავდასხმამდე, ონისე ოქრიაშვილს საპროტესტო აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო ფიგურამ გამოუცხადა სოლიდარობა.

პოპულარულმა იუტუბერმა, „არაფერი სასაცილოს“ წამყვანმა ბექა ყორშიამ 21 ივლისს დაწერა: „მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი“.

„ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი. ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული“, - წერდა ყორშია.

მარიამ სამუშიას თქმით, ოქრიაშვილი „პროპაგანდისტული არხების" წინააღმდეგ, "ცილისწამების გამო“, ჩივილსაც აპირებდა: „ცილისწამება გაავრცელეს ყველა პროპაგანდისტულ მედიაში და დღეს აგერ ცემეს ადამიანი. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი ადამიანებს შორის და არის დანაშაული, რაც მოეკითხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს“, - თქვა მან.

მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ თოფურიძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი".

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის საბაბით ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG