კიევის ოლქში 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად

კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნეებს შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი. 2026 წლის 5 აგვისტო

რუსეთის მასირებულ შეტევას დიდი მსხვერპლი მოჰყვა კიევის ოლქში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილით დადასტურებულია, რომ დაიღუპა 14 და დაშავდა 22 ადამიანი.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ბროვარის რაიონშია, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბუჩის რაიონში და 1 - ფასტოვის რაიონში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის, ფასტოვის და ბუჩის რაიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა ლოგისტიკის კომპლექსებში, საწყობებში და საწარმოებში.

დარტყმის სამიზნეთა შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა 1 ადამიანი და 26 დაშავდა. რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში. ადგილობრივ ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რა ინახებოდა ამ საწყობებში.

ასევე ნახეთ

მსხვერპლი, მასშტაბური ხანძრები - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

განახლება: 5 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დარტყმის სამიზნეთა შორის იყო უკრაინის სავაჭრო ცენტრების ქსელის, „ეპიცენტრის“ საწარმოო და ლოგისტიკის ობიექტები. კომპანიის ინფორმაციით, დაიღუპა მისი ერთი თანამშრომელი და სამი დაიჭრა.

„ეპიცენტრის“ მონაცემებით, კიევში რუსული რაკეტებით ერთდროულად იყო დარტყმა კომპანიის ლოგისტიკის ორ ძირითად კომპლექსზე. სრულად განადგურებულია საწყობების ორი მსხვილი კომპლექსი და უკრაინაში კერამიკული ფილების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის, Epicentr Ceramic Corporation-ის ყველა ღუმელი. კომპანია იძულებულია ქარხნის მუშაობა შეაჩეროს. „ეპიცენტრის“ თანახმად, წარმოების სრულად აღდგენას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.

5 აგვისტოს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და გამანაწილებელ ცენტრებს“, რომლებიც „ჩართული არიან სხვადასხვა იარაღის და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შენახვასა და მიწოდებაში და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და განაწილებაში“.

  • 2026 წლის ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეებს დაემატა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
  • 18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.
  • უკრაინაში რუსეთის სამიზნეებს შორისაა ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალები და სავაჭრო კომპანია Rozetka-ს საწყობები.

ასევე ნახეთ

დრონებით შეტევა იყო მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად, Wildberries-ის საწყობებზე