Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი, მასშტაბური ხანძრები - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

რუსეთის სარაკეტო შეტევით გამოწვეული ხანძარი კიევში. 2026 წლის 5 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევით გამოწვეული ხანძარი კიევში. 2026 წლის 5 აგვისტო

უკრაინის დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი მასშტაბურმა ხანძრებმა მოიცვა რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. მხოლოდ კიევის ოლქში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სარაკეტო დარტყმა შუაღამის შემდეგ დაიწყო. შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილის მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა 1 და დაშავდა 26 ადამიანი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე რაიონში დაზიანებული და დანგრეულია სახლები, მასშტაბური ხანძრები გაჩნდა საწყობებში. ადგილობრივ ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რა ინახებოდა ამ საწყობებში.

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი კიევის ერთ-ერთი სუპერმარკეტის საწყობში. 2026 წლის 5 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი კიევის ერთ-ერთი სუპერმარკეტის საწყობში. 2026 წლის 5 აგვისტო

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დილის შვიდი საათისთვის ხანძრები ლოკალიზებული იყო კიევის ობოლონსკის, სვიატოშინსკის და დესნიანსკის რაიონებში.

კიევის გოლოსეევსკის რაიონში ამიაკმა გაჟონა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა იყო სისტემაზე, რომელიც დაახლოებით 300-ს ლიტრ ამიაკს შეიცავდა. რა ობიექტია ეს, ადმინისტრაციას არ უთქვამს. მისი ინფორმაციით, დაახლოებით ღამის სამი საათისთვის გაჟონვა ლოკალიზებული იყო და მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

კიევის ოლქი

მასირებული შეტევა იყო კიევის ოლქზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს დილის მონაცემებით, დაიღუპა 14 და დაშავდა 22 ადამიანი.

ბროვარის, ფასტოვის და ბუჩის რაიონებში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა ლოგისტიკის კომპლექსებში, საწყობებში და საწარმოებში.

დარტყმის სამიზნეთა შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი.

კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევის სამიზნეებს შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი. 2026 წლის 5 აგვისტო
კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევის სამიზნეებს შორის იყო სავაჭრო კომპანია Rozetka-ს ლოგისტიკის ცენტრი. 2026 წლის 5 აგვისტო

განახლება: 5 აგვისტოს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „სატრანსპორტო-ლოგისტიკურ და გამანაწილებელ ცენტრებს“, რომლებიც „ჩართული არიან სხვადასხვა იარაღის და სამხედრო დანიშნულების ტვირთების შენახვასა და მიწოდებაში და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და განაწილებაში“.

  • 2026 წლის ივლისიდან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეებს დაემატა ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობები.
  • 18 ივლისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, უკრაინული დრონებით შეტევა იყო Wildberries-ის 15-ზე მეტ ლოგისტიკის ცენტრზე.
  • უკრაინაში რუსეთის სამიზნეებს შორისაა ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია Нова пошта-ს ტერმინალები და სავაჭრო კომპანია Rozetka-ს საწყობები.



ფორუმი

XS
SM
MD
LG