გაუმართავი ავტომობილების მფლობელებზე ყალბი ცნობების გაცემისთვის 3 ადამიანი დააკავეს

გამოძიებას სუსი ატარებს.

ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება სამ დაკავებულს, რომლებსაც გაუმართავი ავტომობილების მფლობელებისთვის ყალბი ტექინსპექტირების მოწმობების გაცემა ედებათ ბრალად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ შპს „ტექ-2017-ის" დახმარებით სისტემატურად ხდებოდა „ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების პერიოდული ინსპექტირების დადებითი შედეგით გაფორმება“.

„დაკავებულები ანგარიშებში შეგნებულად უთითებდნენ სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემებს, რის შედეგადაც გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ თანხას“.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით - კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარების კვალიფიკაციით.

ასევე ნახეთ

მძღოლების არჩევანი 1 აპრილიდან - როცა 6 წელზე ძველი ავტომობილები აღარ შემოვა