დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი - ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში

იან ბრაათუ, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, იან ბრაათუ საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს.

2026 წლის 6 აგვისტოს, - ამაღლობელის განაჩენის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, - ბრაათუმ განაცხადა:

„მზია ამაღლობელის არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, იგი კვლავ პატიმრობაში რჩება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად“.

„დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

6 აგვისტოს თბილისს მისი გათავისუფლებისკენ მორიგ ჯერზე მოუწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოებმა.

„მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს ჟურნალისტ ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.