სამტრედიაში თავდასხსმის საქმეზე ბრალი წაუყენეს თავდამსხმელსა და მელიას 2 თანაგუნდელს

მომხდარიდან ორი წლის თავზე

2024 წლის აგვისტოში სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის დროს პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ ბრალი სამ ადამიანს წაუყენა.

ერთი ისაა, ვინც ნიკა მელიას ხელი დაარტყა, ორი კი - მელიას თანხმლები პირები, რომელთაც პროკურატურა მელიაზე თავდამსხმელის „საპასუხო ძალადობაში“ სდებს ბრალს.

რას წერს პროკურატურა

  • „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - წერს პროკურატურა 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
  • „მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობითვე, სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რო მბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს „კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“. მოითხოვს თუ არა პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახედ, უცნობია.

მირცხულავა: „ეს პოლიტიკური დევნაა“

ცოტნე მირცხულავამ წინა საღამოს, 8 აგვისტოს განაცხადა, რომ მას თავდაპირველად მოწმედ დაკითხვაზე იბარებდნენ, თუმცა მოგვიანებით შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„საარჩევნო შეხვედრა გვქონდა ჩვეულებრივად და როდესაც ეს ... შემოვარდა და ნიკა მელიას დაარტყა, მე გავეკიდე უკან, დასაჭერად. ამ დროს წაიქცა ის მანქანებს შუა. [...] ალბათ მაგაზე აქვთ საქმე“, – ამბობს ის.

მირცხულავა ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამბობს, რომ მიზანი ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინებაა.

ასევე ნახეთ

„ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში, იმ საქმეზე მე უნდა წამიყენონ ბრალი“ - „ახალის“ წევრი ცოტნე მირცხულავა

„ეს უბრალოდ არ ვიცი კონკრეტულად რას ემსახურება, თუმცა ნიკა მელიას ყოველი პროცესის შემდეგ ახალ-ახალ ბრალდებას უყენებენ. ეს პირველ რიგში, მე ვფიქრობ, არის ჩვენი დაშინების და შეჩერების მცდელობა“, – ამბობს მირცხულავა.

  • სამტრედიაში ნიკა მელიაზე ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება თავდაპირველად ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა წინ არ წასულა. პროკურატურამ ეს საქმე რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გადააკვალიფიცირა.
  • 2024 წლის 12 აგვისტოს ნიკა მელიას სამტრედიაში, წინასაარჩევნო შეხვედრისას, ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და თავში დაარტყა. თავდასხმის შემდეგ ადგილზე დაპირისპირება მოხდა. მელიას ადვოკატის თქმით, თავდამსხმელი მაშინვე დაადგინეს და გამოკითხეს.

ნიკა მელია დაპატიმრებულია

ამჟამად ნიკა მელია პატიმრობაშია.

6 აგვისტოს იგი კიდევ ერთ საქმეში ცნეს დამნაშავედ - მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეში - პატიმრობა მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, მოსამართლე ელიეშვილმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, დანაშაულის შთანთქმის პრინციპი და მელიას საპატიმროში ყოფნის ვადა არ გაუზარდა.

„იგი, თუკი მომავალში რაიმე სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს“, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

ასევე ნახეთ

ნიკა მელიას პატიმრობა მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით - მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებოდნენ