Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას პატიმრობა მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით - მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებოდნენ

ნიკა მელია
ნიკა მელია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია დამნაშავედ ცნეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეში და პატიმრობა მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, გამოაცხადა.

პოლიტიკოსს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) - როგორც მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა, რომ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩანაწერში არსებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ნიკა მელია ამბობდა.

ადვოკატის განმარტებით, მოსამართლე ელიეშვილმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, დანაშაულის შთანთქმის პრინციპი და მელიას საპატიმროში ყოფნის ვადა არ გაუზარდა.

„იგი, თუკი მომავალში რაიმე სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს“, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

ნიკა მელიას პატიმრობა

  • ნიკა მელია 2025 წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მომდევნო დღეს, 30 მაისს, მისთვის პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო.
  • საქმე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განიხილა. პოლიტიკოსის რამდენიმე მოწოდების მიუხედავად, ის არ დაინტერესდა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებებით. აღკვეთის ღონისძიების განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე მელიამ შვანგირაძეს ბოთლიდან წყალი შეასხა.
  • 2025 წლის 27 ივნისს ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო;
  • რამდენიმე თვეში, 2025 წლის 26 ნოემბერს, მელიას ამ საქმეზე 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ელენე გოგუაძემ. მისივე გადაწყვეტილებით, სასჯელები შეიკრიბა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG