გერმანიაში შექმნიან დრონებისგან თავდაცვის ტექნოლოგიურ ცენტრს - აცხადებენ შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ დობრინდტი და მეცნიერების მინისტრი, დოროთეა ბერი. ცენტრი განთავსდება საქსონია-ანჰალტის მიწაზე, გერმანიის აეროკოსმიური კვლევების ცენტრის პოლოგონზე. ცენტრის შექმნის სამუშაოები უკვე 18 აგვისტოს დაიწყება.
"უპილოტო ტექნოლოგიების სფეროში გამალებული შეიარაღება მოითხოვს სპეციალიზირებული კვლევითი ქვედანაყოფების არსებობას, რათა დროს ფეხი ავუწყოთ" - ამბობს დობრინდტი და დასძენს - "ჩვენ ომში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ყოველდღე ვხდებით ჰიბრიდული ომის ნაწილი". მინისტრის თქმით, ცენტრი დრონებისგან თავდაცვისთვის ახლებურ ტექნოლოგიებს დაამუშავებს და მათ რეალურ პირობებში გამოცდის.
დრონების და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების განვითარების საჭიროებაზე გერმანიაში კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ 5 აგვისტოდან - მას მერე, რაც ლაიფციგის აეროპორტში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული დაუდგენელი უპილოტო აპარატი. ის დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა საფრენი ბილიკის თავზე, უშუალო სიახლოვეში აეროპორტში გაჩერებულ უკრაინის სატვირთო თვითმფრინავებთან. აეროპორტის თანამშრომელმა შეძლო დრონის დამოუკიდებლად ჩამოგდება და პოლიციის გამოძახება, პოლიციამ ინციდენტი შეაფასა სახელმწიფოს უშიშროების შესაძლო დარღვევად. გერმანიის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია დრონის წარმომავლობაზე, თუმცა ამერიკული პრესა სპეცსამსახურებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს შესაძლო "რუსულ კვალზე".
ლაიფციგის აეროპორტი მსოფლიოში იარაღის გადაზიდვების მნიშვნელოვანი ცენტრია. ინციდენტის შემდეგ იქ 24 საათის განმავლობაში მორიგეობს დრონების თავდაცვაზე სპეციალიზირებული მობილური დანაყოფი.