ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლად გამზადებული უპილოტო აპარატის აღმოჩენის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ საქმე აქვთ პროფესიონალურ ჰიბრიდულ საფრთხესთან.
მინისტრმა, რომელმაც შვებულება შეწყვიტა და სამართალდამცავებთან საგანგებო სხდომის ჩასატარებლად 5 აგვისტოს გერმანიაში დაბრუნდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი ნიშნავს „საფრთხის ახალ დონეს".
დობრინდტის შეფასებით, ინციდენტის უკან დგანან არა დილეტანტები, არამედ პროფესიონალები, რადგან მსგავსი შეტევის მომზადებას მაღალი დონის ტექნიკური ცოდნა სჭირდება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა უცხო ქვეყნების მონაწილეობა, რაც საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რა მოხდა ლაიფციგის აეროპორტში
4 აგვისტოს ღამით ლაიფციგის აეროპორტში, უკრაინის სატვირთო თვითმფრინავ „ან-124“-დან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინეს მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებლით და დეტონატორით. აპარატი დისტანციურად მართული რობოტით გააუვნებლეს.
ლაიფციგის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. თვითმფრინავები სხვა აეროპორტებისკენ გაგზავნეს.
ერთ-ერთი, ლოგისტიკის საერთაშორისო კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ლაიფციგში დაშვება ვერ შეძლო, სიმაღლის ხელახლა აღებისას დაუდგენელ ობიექტს შეეჯახა, თუმცა ფრენა განაგრძო და დაეშვა ჰანოვერის აეროპორტში, სადაც თვითმფრინავს მსუბუქი დაზიანებები აღმოუჩინეს. ორივე შემთხვევას გერმანიის შესაბამისი სამსახურები იძიებენ.
- ლაიფციგის აეროპორტი დასავლეთის სახელმწიფოებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ერთ-ერთი ძირითადი ლოგისტიკური კვანძია.
- აეროპორტში ლოგისტიკის ცენტრი აქვს კომპანია DHL-საც.
- 2024 წლის ივლისში, DHL-ის ლოგისტიკურ ცენტრებში ლაიფციგსა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში ცეცხლი გაუჩნდა ორ ამანათს. გამოძიების თანახმად, ეს იყო აალებადი სითხის შემცველი მასაჟის ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში გასაგზავნად.
ფორუმი