14 ადამიანი დაშავდა რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად უკრაინის ოდესის ოლქში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 14-დან 11 ჰოსპიტალიზებულია და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის ჯარებმა ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს 9 აგვისტოს დაარტყეს. ძირითადი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. დაზიანებულია სახლებიც.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ოჯახი. ღამის მონაცემებით, ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა 128 ათასზე მეტი ოჯახისთვის.
9 აგვისტოს ღამის თორმეტი საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ოდესის ოლქში დაარტყეს ერთ თბოელექტროსადგურს და შვიდ ელექტროქვესადგურს. ინფორმაცია იწყებოდა სიტყვებით, რომ დარტყმებმა „შუქი ჩააქრო - ღამე მშვიდობის“.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დაადასტურა დარტყმა იაროსლავლის და უფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზერუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის სუმის ოლქში დრონებით დაარტყეს გაზის საბადო „ბუგროვატოეს“, რომელიც „უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“.
უკრაინის ნავთობის და გაზის კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, 9 აგვისტოს რუსული დრონებით შეტევამ გაზის მომპოვებელ ობიექტებზე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია და მუშაობა შეჩერებულია. კომპანიის თანახმად, უსაფრთხოების ზომების წყალობით, თანამშრომლები არ დაშავებულან.