სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამნაშავედ ცნო ადამიანების, მათ შორის ბავშვების განზრახ მკვლელობაში, წამებაში, თვითნებურ დაკავებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - სიკვდილით დასჯა.
ინფორმაცია სასამართლოს მიერ 11 აგვისტოს გამოტანილ განაჩენზე სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა. ბაშარ ასადზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
სირიის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებებით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ასადის რეჟიმის 8 წარმომადგენელს, მათ შორის ბაშარ ასადის დეიდაშვილ ატეფ ნაჯიბს, რომელიც პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სირიის პროვინცია დერააში. ნაჯიბი 2025 წლის იანვარში დააპატიმრეს.
ასევე ნახეთ
Zeit-ი: ბაშარ ალ-ასადი ცხოვრობს "მოსკვა-სიტიში" და საათობით თამაშობს საინტერნეტო თამაშებს- ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლის ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე. მისი რეჟიმის მმართველობამ სირიას ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი და დიდი მსხვერპლი მოუტანა. ასადს სამხედრო ძალით რუსეთი ეხმარებოდა.
- 2011 წლიდან დაწყებულმა სამოქალაქო ომმა დაახლოებით 500 ათასი სირიელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
- ასადის რეჟიმმა ასეულობით ათასი ადამიანი დააპატიმრა. უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ციხეებში წამება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.
- 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან სირიის მეამბოხე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ასადის სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
- რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
- ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.