ალიევი: სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება

ალიევის განცხადებით, სომხეთი წელსვე გეგმავს თავის ტერიტორიაზე შემხვედრი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთთან და აშშ-სთან ერთად ინიციირებული „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ახალ ვადებზე საუბრობს და ამბობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სომხეთის საზღვრისკენ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მომდევნო წელს დასრულდება.

მისივე ცნობით, სომხეთი წელსვე გეგმავს თავის ტერიტორიაზე შემხვედრი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაწყებას.

„ჰორადიზი-აღბენდის გზატკეცილი, პრაქტიკულად, მზადაა. რკინიგზის მშენებლობაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, - თქვა მან.

აღბენდი არის ქალაქი, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს, აზერბაიჯანის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

„მომავალ წელს [აზერბაიჯანის] რკინიგზა სომხეთის საზღვარს მიაღწევს, სომხეთის ტერიტორიაზე კი მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

საუბარია 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ საკვანძო მონაკვეთია სომხეთის ტერიტორიაზე და რომელშიც, მათ შორის, აზერბაიჯანულ ტვირთებს გადაზიდავენ.

ალიევის თქმითვე, ბაქოს „პროექტის დაჩქარება ნებისმიერ დროს შეუძლია“, უბრალოდ ამის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან სომხეთის მონაკვეთი ჯერ მზად არ არის.

ასევე ნახეთ

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი
  • 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული სამშვიდობო სამიტის ერთი წლისთავის აღსანიშნავად აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2026 წლის 8 აგვისტოს გავრცელდა, წერია:
  • „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) - მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტი - ხედვიდან რეალობად გარდაიქმნება, კონკრეტული პროგრესით, როგორიცაა აშშ-სომხეთის შეთანხმება „TRIPP-ის განვითარების კომპანიის შესახებ“, რომელიც ინფრასტრუქტურულ განვითარებას წარმართავს.
  • სომხეთში უკვე მიმდინარეობს საინჟინრო კვლევები. აზერბაიჯანმა თითქმის დაასრულა თავის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ტრასისა და რკინიგზის მშენებლობა TRIPP-თან სომხეთის ტერიტორიაზე შესაერთებლად“.

ასევე ნახეთ

"მშვიდობის სამიტის" ერთი წლისთავის აღსანიშნავად აშშ, აზერბაიჯანი და სომხეთი აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას

12 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი ახლა არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული დერეფნის სახითაც განიხილება.

„სომხეთის ტერიტორიაზე ჩვენი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, განისაზღვრა ის ადგილებიც კი, სადაც ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები უნდა დამონტაჟდეს“, - განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ სომხური მხარე ამ სამუშაოებს არ შეაფერხებს.

ასევე ნახეთ

„ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან