„ვესაუბრე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 აგვისტოს.
„უკრაინასა და სომხეთს შორის ურთიერთობები ახლა კიდევ უფრო კონსტრუქციული ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უწყვეტი დიალოგი“, - წერს ზელენსკი X-ზე.
მისი ცნობით, განიხილეს ზელენსკის სომხეთში ვიზიტის შედეგები და „თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები“.
„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს კიევ-პეჩერის ლავრის დაარსების 975-ე წლისთავის მოლოცვისთვის - ეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი რეგიონის ქრისტიანებისთვის. შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, - წერს იგი X-ზე.
კიევ-პეჩერის ლავრა: ომის, ნგრევისა და აღორძინების ათასი წელი
ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციას ჯერჯერობით საუბრის შესახებ მოკლე ცნობა არ გამოუქვეყნებია.
კიევთან ურთიერთობებს აღრმავებს სომხეთის მეზობელი აზერბაიჯანიც - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 6 აგვისტოს უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია და შეხვედრები გამართა უკრაინელ ლიდერებთან.
ეს აზერბაიჯანის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელთა პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი კიევს ეწვია და ზელენსკის, ბუდანოვსა და სიბიჰას შეხვდამოსკოვის კრიტიკა
წინა კვირას მოსკოვმა ეჭვები გამოთქვა, რომ ტრადიციული მოკავშირე სომხეთი, - რომლის ხელისუფლებაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთისკენ სვლაზე საუბრობს, - „ჭეშმარიტი მოკავშირე“ აღარ არის და არ მოსწონს მისი „კიევთან ფლირტაობა“.
6 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ფადეევმა განაცხადა:
„[სომხეთის პროდასავლური] ხაზი და მისი უდავოდ დემონსტრაციული ფლირტი კიევის რეჟიმთან, სერიოზულ ეჭვებს ბადებს სომხეთის მმართველი წრეების მზადყოფნასთან დაკავშირებით რუსეთთან ჭეშმარიტად მოკავშირეობრივი თანამშრომლობისთვის“.
ასევე ნახეთ
მოსკოვს არ მოსწონს „სომხეთის ფლირტაობა კიევთან“- სომხეთის რესპუბლიკამ, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აირჩია დასავლეთთან დაახლოების კურსი;
- ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი აწესებს შეზღუდვებს სომხეთიდან ექსპორტირებულ სხვადასხვა საქონელზე;
- ეკონომიკური სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად მოითხოვა, რომ ერევანმა ჩაატაროს რეფერენდუმი, რათა გადაწყვიტოს, ქვეყანა ევრაზიულ კურსს მიჰყვება თუ ევროპულს;
- სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საკითხი სახალხო კენჭისყრამდე მხოლოდ მაშინ მივა, როდესაც ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს.
- 4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი; ერევანში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამაც კრემლი ასევე გააღიზიანა.