რუსეთში კომპანია Wildberries-ის და მისი გამყიდველების დანაკარგები შესაძლოა, 600-800 მილიარდ რუბლს გაუტოლდეს

Wildberries-ის დამწვარი საწყობი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში

რუსეთის Amazon-ად წოდებული, უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის და მასთან მომუშავე გამყიდველების მიერ დრონებით მიტანილი იერიშების გამო დანაკარგები შესაძლოა გაუტოლდეს 600-800 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 7-9,5 მილიარდი ამერიკული დოლარი).

ამ მონაცემს აქვეყნებს გამოცემა Forbes-ი, რომელიც ეყრდნობა კვლევითი სააგენტოს, Data Insight-ის მთავარ ანალიტიკოსს, სერგეი სემკოს.

ექსპერტის დათვლებით, საწყობების და ინფრასტუქტურის აღსადგენად კომპანია RWB-მა შესაძლოა 147-დან 223 მილიარდ რუბლამდე დახარჯოს. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება სრული დემონტაჟი და ტერიტორიის რეკულტივაცია, მაშინ, შესაძლოა, ხარჯი გაუტოლდეს 278,9 მილიარდ რუბლს. სემკოს წინასწარი შეფასებით, გამყიდველების პოტენციური დანაკარგები შესაძლოა იყოს 445-507,8 მილიარდი რუბლის ოდენობით.

სატელიტური ფოტოები აჩვენებს რუსეთში Wildberries-ის საწყობების დაზიანების მასშტაბებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ივლისის შუა რიცხვებიდან რეგულარულად ახორციელებენ დრონებით დარტყმებს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე, სხვადასხვა რეგიონში. სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული სატელიტური სურათების კვლევით, კომპანიამ, შესაძლოა, დაკარგა თავისი სასაწყობე მოცულობის დაახლოებით 20 პროცენტი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ კომპანიის საწყობებს იყენებენ დრონების, სანავიგაციო აღჭურვილობის და სხვა საბრძოლო მოწყობილობების ნაწილებისთვის, რაც სანქციების ქვეშ მყოფი პროდუქციაა.

ასევე ნახეთ

გამომცემლობებმა Wildberries-ზე წიგნების გაყიდვა შეაჩერეს, მის საწყობებზე დარტყმების გამო