გახარიას პარტიას კობახიძესთან კითხვები აქვს აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია (მარცხნივ) და ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კითხვები აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით.

შალვა კერესელიძის სახელით გაგზავნილ განცხადებაში ჩამოთვლილია პარტიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები:

  1. „საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი“;
  2. „ბიზნესსუბიქტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს“;
  3. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა“;
  4. „მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება“;
  5. „რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“;
  6. ,„არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი“.

საქართველოს კანონმდებლობით, ირაკლი კობახიძე ვალდებულია 20 დღეში დაუბრუნოს ირაკლი კერესელიძეს პასუხი.

  • უკრაინასთან ომის დროს მიღებული ზიანით შექმნილი პრობლემების გამო რუსეთი საწვავის დეფიციტს განიცდის. მსგავსი პრობლემებია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საქართველოს ნაწილია.
  • 12 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი ერთ-ერთმა კომპანიამ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დაცვით შეიტანა;
  • 13 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ეს არის კომპანია „სოლიდუსი";
  • კომპანიის მფლობელია გიორგი არველაძე. მისი თქმით, მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი“: „აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“;
  • მისი სიტყვებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, შეიტანეს დაახლოებით 300 ტონა საწვავი.