რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ბენზინი აფხაზეთში „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას აღნიშნულ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტით გათვალისწინებულია „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებაც.
11 აგვისტოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება - „18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.
„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.
„ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“
არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა.
არველაძე ამბობს, რომ მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი“:
„აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, საწვავის მიწოდება პირველად მოხდა“.
„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი.
არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი.
„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - დასძინა მან.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება უახლოეს დღეებში დამატებითი საწვავის გაგზავნა აფხაზეთში, არველაძე პასუხობს:
„ნეტავ სულ ეგრე იყოს და სულ ქართული ნავთობპროდუქტები იყოს აფხაზეთში. ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“.
არველაძის განმარტებითვე, საწვავს მისი კომპანია ქართულ ბაზარზე ყიდულობს და აფხაზეთისთვის მიწოდებული ბენზინი ქვეყანაში ევროპიდან შემოვიდა.
„რამდენიმე სატვირთო მანქანა“
ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 12 აგვისტოს იმ კომპანიის დასახელება მოითხოვეს, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა.
ისინი ამტკიცებენ, რომ მიწოდებული საწვავით შესაძლოა მოხდეს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგება. ამის გარდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ საწვავი „სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად დეფიციტი აქვთ“.
ოპონენტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ აფხაზეთს მიეწოდა „3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“.
„რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად?“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთში საწვავი კავშირში შემავალ არცერთ კომპანიას არ მიუწოდებია.
რატი იონათამიშვილის მიერ დასახელებული მოცულობიდან გამომდინარე, იობაშვილი ვარაუდობდა, რომ მიწოდება საზღვაო გზით, ტანკერით მოხდა.
თუმცა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ განმარტა, რომ საუბარია 300 ტონაზე და ბენზინი აფხაზეთში ენგურის ხიდით შევიდა.
„ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მან აფხაზეთში საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.
„ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის განცხადებითვე, თუ საქართველოს მთავრობას შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეუმსუბუქოს მდგომარეობა, ეს გაკეთდება „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“.
- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება.
- სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.
ფორუმი