„სოლიდუსი“ საწვავს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყიდულობს. ის კომპანია „რეპსოლთან“ (ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „ქონექთი“) თანამშრომლობს. არველაძე ამბობს, რომ ენგურის ხიდის გავლით შეტანილი საწვავი გალში ნაწილდება - მისი აფხაზი პარტნიორების გავლით.
მის კომპანიას „სპეციალური საწარმოს“ სტატუსი აქვს, რაც უფლებას აძლევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში აფხაზეთსა და ცხინვალში პროდუქტი შეიტანოს. სწორედ ამ კომპანიამ შეიტანა რამდენიმე დღის წინ 300 ტონა ბენზინი ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ, რაც უკრაინასთან წამოწყებული ომის დროს მიღებული ზიანის გამო რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა შეფერხდა და საწვავის დეფიციტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონშიც წარმოიშვა.
რისი შეტანა შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე?
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქციზს დაქვემდებარებულ პროდუქტზე, და ასეთია საწვავი, აკრძალვაა დაწესებული. მისი შეფასებით, „ჩადენილია დანაშაული“.
„ბენზინი და სხვა საწვავი აქციზური საქონელია, ასე რომ, სპეციალური საწარმოს სტატუსით მისი კანონიერად შეტანა შეუძლებელია და გამორიცხული“, - დაწერა გვარამიამ ფეისბუკში.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი „სოლიდუსმა“ შეიტანა - რას ამბობენ კომპანიაში?რა წერია კანონში?
„სპეციალური საწარმოს“ სტატუსის მქონე კომპანიების ოპერირების ფარგლები „საგადასახადო კოდექსშია“ განსაზღვრული. შესაბამისად კანონი ადგენს რა წესით შეუძლია “სოლიდუსს” ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროდუქტის შეტანა ან გამოტანა.
კანონის მიხედვით (მუხლი 242), მსგავს კომპანიას შეუძლია „ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის“ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება. ამავე ქვეპუნქტში წერია, რომ „აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება“.
საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის მიწოდება, თუ ის არ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოებული.
„სპეციალურ საწარმოებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აქვთ. საგადასახადო კოდექსი მათ არ უწესებთ საწვავის შეტანაზე აკრძალვას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
რას ამბობენ „სოლიდუსში“?
„კანონი არეგულირებს ორ რამეს: შეტანას და გატანას. გვარამიამ რაც დაწერა, ის ეხება შემოტანას - არ შეიძლება აქციზური პროდუქტის შემოტანა. აქ როცა არის აქციზი გადახდილი, გატანა როგორ შეიძლება არ შეძლებოდეს - გადასახადები ხო აქ რჩება?! აქციზს დაქვემდებარებული პროდუქტი თუ იქედან შემოდის, არის კონტრაბანდა“, - უთხრა კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთში ახლა, ზაფხულის სეზონზე საწვავის მოხმარება დღიურად 400-450 ტონას უახლოვდება, გალსა და ოჩამჩირეზე კი აქედან 100 ტონა მოდის. მისი ცნობით, დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესული საწვავით ხდება, მეორე მხრივ კი თურქეთიდან შავი ზღვის გავლით, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ
ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავის იმპორტი შავი ზღვის გავლით სურსმას ვკითხეთ, როგორ ნაწილდება აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით შეტანილი საწვავი.
„იქედან არის ჩემი პარტნიორი, რომელიც ამარაგებს გალის ბენზინგასამართ სადგურებს... როგორ არის იქ, იცით? აქ როგორც იყო 15-20 წლის წინ, ზოგს ერთი სადგური აქვს, მეორეს სამი - ისეთი ორგანიზებული არ არის, როგორც აქ“.
როგორ ხვდება პროდუქტი აფხაზეთში?
გიორგი არველაძე ამბობს, რომ „სპეციალური საწარმოს“ სტატუსის მოპოვების შემდეგ ხელისუფლების არცერთ რგოლთან არ ხდება იმის შეთანხმება, თუ რა პროდუქტი უნდა გადავიდეს ოკუპირებულ აფხაზეთში. აკრძალვები კანონითაა განსაზღვრული
„მყავს იქეთ პარტნიორები და მეუბნებიან, რას იყიდიან და რა ფასად. თავისუფალ ვაჭრობაში რაც არის, ჩვენს საგადასახადო სისტემაში მოქცეული, შეგიძლია აიღო აქ და გაყიდო იქ. არაფრით არ განსხვავდება დისტრიბუციისგან, რომელიც პროდუქტს ყიდულობს თბილისში და მიაქვს გურიაში. შინაარსობრივად არ განსხვავდება - სირთულეა სხვა“.
მისი თქმით, აფხაზეთში გალის გავლით პროდუქტის შეტანის საჭიროება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოწვეული დეფიციტით გაიზარდა.
„რუსეთში რაღაც პროდუქტები „გაწყდა“ და ბუნებრივია, რაც რუსეთიდან შედიოდა აფხაზეთში, მოწოდება გაქრა და მოთხოვნა დარჩა. ალტერნატიული გზაა: თურქეთიდან ზღვით უკანონოდ (ახლა გემები დადიან) და მეორე გზაა აქიდან შეტანა კანონის დაცვით... დიდი რისკი არის. თუ რამე „სისულელეს“ მიიტან, არ გაატარებენ“.
აფხაზეთში შეტანილი საწვავი ბენზინგასამართ სადგურებში უკვე იყიდება - ფასი დაახლოებით 35%-ით გაძვირდა: თუკი დეფიციტამდე 1 ლიტრი ბენზინი 90 რუბლი (დაახლოებით 2,8 ლარი) ღირდა, ახლა 130 რუბლამდეა (4 ლარი) გაზრდილი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 11 აგვისტოს აფხაზეთში 1000 ტონა ბენზინი რუსეთიდან შევიდა. „ეს რესურსი გადანაწილდება... სამწუხაროდ, გარე ფაქტორები არ გვძლევს საშუალებას, ძალიან დიდი პარტიები შემოვიტანოთ“, - განაცხადა ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ და დასძინა, რომ რუსეთიდან მომარაგებას „სისტემური ხასიათი“ აქვს.