"ალტერნატიული არხებით შეძენილ" საწვავზე საუბრისას, 15 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში - მუშბა არ ახსენებს საწვავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა, რაც უკვე დადასტურებული ფაქტია.
ბატალ მუშბას თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში, როცა ნავთობპროდუქტების დეფიციტია - საწვავის შეტანა პრიორიტეტული ამოცანაა; ხოლო ალტერნატიული არხებით შეძენილი ამ რესურსის მაღალი ღირებულება გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე.
მუშბა ამბობს ასევე, რომ კომპანიები პროდუქციას მოგების გარეშე ყიდიან, ერთადერთი ამოცანით - რომ "უზრუნველყონ შიდა ბაზარი საჭირო რესურსით“.
12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა. "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწვავი იქ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა ასევე, რომ - ყველაფერი „ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“ კეთდება.
„სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და რომ არა ეს გადაწყვეტილება - "20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში.
13 აგვისტოს რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ბენზინი აფხაზეთში „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
2019 წლის 5 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას ასეთ სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს. დოკუმენტი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას აძლევს.
2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება - „18 ივლისიდან (2026 წლის) წარმოშობილ ურთიერთობებზე“.