ბრიტანული დრონები რუსეთის ფედერაციაზე დარტყმებისთვის გამოიყენება - მედია

უკრაინის არმიის თავდასხმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კოლედინოში, მოსკოვის ოლქი, რუსეთი, 2026 წლის 16 აგვისტო

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად ბრიტანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს.

ამის შესახებ 16 აგვისტოს ბრიტანული გამოცემა Sunday Times-ი ბრიტანეთსა და უკრაინაში არსებულ ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

BBC-ის განცხადებით, იგი ესაუბრა სამხედრო წრეებში კარგად ინფორმირებულ წყაროს, რომელმაც Sunday Times-ის ინფორმაცია დაადასტურა. ლონდონსა და კიევს ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო რადიო თავისუფლება ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს.

The Sunday Times-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა BAE Systems-ის შვილობილი კომპანიის მიერ წარმოებული რეაქტიული დამრტყმელი დრონები Nyan, ასევე კიდევ ერთი ბრიტანული კომპანიის უპილოტო აპარატები, რომელსაც გამოცემა უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ასახელებს. უკრაინულმა წყარომ აღნიშნა, რომ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების უმეტესობა უკრაინული წარმოების დრონებით ხორციელდება.

იმ ობიექტებს შორის, რომლებზე დარტყმებისთვისაც ბრიტანული უპილოტო აპარატები გამოიყენებოდა, სტატიაში დასახელებულია ვოლგოგრადისა და იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო-საზღვაო ბაზები და ლოგისტიკური ცენტრები (მათ შორის Wildberries).

ჯერ კიდევ 2026 წლის ივნის-ივლისში, სპეციალიზებული სამხედრო გამოცემები წერდნენ, რომ Nyan-ს უკრაინაში უკვე ჰქონდა საბრძოლო გამოყენება. თუმცა, რუსეთის ტერიტორიაზე მათი გამოყენების შესახებ ცნობები მანამდე არ გავრცელებულა.

ეს არ არის ომში ბრიტანული წარმოების იარაღის რუსეთზე დარტყმებისთვის გამოყენების პირველი შემთხვევა — მანამდე ამისთვის უკვე გამოიყენებოდა რაკეტები Storm Shadow. მოსკოვს ბოლო პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე გამოსვლისას: რუსეთი ებრძვის ნატოს მხარდაჭერილ, "აგრესიულ" ძალას