Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე გამოსვლისას: რუსეთი ებრძვის ნატოს მხარდაჭერილ, "აგრესიულ" ძალას

პუტინი წითელ მოედანზე გამოსვლისას, 2026 წლის 9 მაისი
პუტინი წითელ მოედანზე გამოსვლისას, 2026 წლის 9 მაისი

მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც წელს მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, აღლუმი წლების განმავლობაში პირველად გაიმართა საომარი ტექნიკის მონაწილეობის გარეშე. კრემლში ეს გადაწყვეტილება ახსნეს "ოპერატიული ვითარებით". აღლუმის საავიაციო ნაწილი არ გაუუუქმებიათ.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, "ქვეითი კოლონის რიგებში აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ მებრძოლთა ყველა სახის და დანაყოფის უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო მოსამსახურეები" და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მონაწილეები. დიქტორმა, რომელიც ცერემონიის სატელევიზიო ეთერს უძღვებოდა, განაცხადა, რომ ღონისძიებაში ჩრდილოეთი კორეის სამხედროებიც იყვნენ ჩართული.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი - რომელმაც დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოაცხადა.

თავის სიტყვაში პუტინმა თქვა, რომ მისი სამხედროები უკრაინაში ებრძვიან "აგრესიულ ძალას", რომელსაც მთლიანი ნატო უჭერს მხარს და თავის საბრძოლო მიზნებს "სამართლიანი" უწოდა.

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირის მიერ დამარცხება პუტინმა თავისი 25-წლიანი მმართველობის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად აქცია. 9 მაისის აღლუმი მოსკოვში ძირითადად პომპეზურად აღინიშნება ხოლმე. შარშან, საიუბილეო წელს, აღლუმში მონაწილეობა მიიღო 10 ათასზე მეტმა რუსმა სამხედრომ, მათ შორის უკრაინის ომის 1500-ზე მეტმა მონაწილემ.

წელს აღლუმზე ჩავიდნენ ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მალაიზიისა და ლაოსის ლიდერები. ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები - ეს ერთეულები აღიარებულია რუსეთის მიერ, თუმცა არა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. 8 მაისს მოსკოვში ჩავიდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცოც - თუმცა იგი აღლუმს არ დასწრებია.

გერმანიაში გამომავალი Der Spiegel-ი ერთი დღით ადრე იუწყებოდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აკრედიტაციები გაუუქმა უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც წითელ მოედანზე აღლუმს უნდა დასწრებოდნენ. კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ გამოცემა "არასწორ ინფორმაციას ავრცელებს". თუმცა პესკოვმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტთა შემადგენლობა "შეიზღუდება", რადგან საკუთრივ აღლუმი შემცირებული ფორმატით გაიმართება.

8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიან ზავზე. კიევსა და მოსკოვში შემდეგ ეს შეთანხმება დაადასტურეს. მანამდე მოსკოვი იმუქრებოდა "მასშტაბური" დატყმით კიევზე, თუ უკრაინის მხრიდან იერიში ცერემონიას შეუშლიდა ხელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG