რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის და ასტრახანის ოლქებში

ბელგოროდი რუსეთის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც უკრაინის თადაცვის ძალები პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ხელისუფლებამ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ბელგოროდის და ასტრახანის ოლქებში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ შუვაევის თანახმად, ბოლო 24 საათში, რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად ოლქის სამ რაიონში 8 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

უკრაინას ბელგოროდის ოლქზე მორიგი დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.

რუსეთის ასტრახანის ოლქის გუბერნატორ იგორ ბაბუშკინის ცნობით, გასულ ღამით დრონებით მასირებული შეტევა იყო სამრეწველო ობიექტებზე. გუბერნატორის მტკიცებით, შეტევა მოიგერიეს და საწარმოების დაზიანება არ დაუშვეს, თუმცა ენოტაევის რაიონში დრონი მოხვდა კერძო სახლს და ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2022 წლის მაისის შემდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 17 აგვისტოს დილით გავრცელებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის რვა რეგიონში, მათ შორის ასტრახანის და ბელგოროდის ოლქებში, ყირიმში და შავი და აზოვის ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 205 უკრაინული დრონი. ეს სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

შუადღისით რუსულმა სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ცნობა, რომ გასულ 24 საათში ჩამოაგდეს უკრაინის 12 მართვადი საავიაციო ბომბი, ზალპური ცეცხლის სისტემების 4 რეაქტიული ჭურვი, მათ შორის ორი ამერიკული HIMARS-ი და ორი ჩეხური Vampire და 797 დრონი.

სხვა წყაროებით ეს მონაცემები დადასტურებული არ არის

ასევე ნახეთ

რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქის პორტებს დაარტყეს, დაზიანებულია სამოქალაქო გემიც

ასევე ნახეთ

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაარტყა, სამიზნეებს შორის იყო „ნოვა პოშტა”
  • გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო შეტევა იყო უკრაინის არაერთ რეგიონზეც, მათ შორის ოდესის, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებზე.
  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, პორტების ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი.