რუსეთმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა „უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე ფსონის შეგნებულად დადებაში“ და შედეგებით დაემუქრა.
თავის მხრივ, ლონდონი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას აპირებს.
მუქარის შემცველი განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში. ტექსტი მთავრდება სიტყვებით, რომ „რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო მნიშვნელოვანი კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით მაღალი იქნება ფასი“. რა შეიძლება იყოს ლონდონისთვის ეს „მაღალი" ფასი, საელჩოს არ დაუკონკრეტებია.
- გასული კვირის ბოლოს ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უკრაინამ ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებისთვის.
- BBC-ს წყაროს თანახმად, ბრიტანული უპილოტო აპარატებით დარტყმებმა რუსეთს მიაყენა 35 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ზარალი.
ასევე ნახეთ
უკრაინის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალი პრემიერი უმასპინძლებსლონდონის რეაქცია მოსკოვის მუქარაზე
რუსეთის საელჩოს მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ ლონდონი უკრაინის გვერდითაა და რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის სიმტკიცეში, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინას მიაწოდოს საშუალებებს პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად.
- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში, ბერლინში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ წელს ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს.