Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალი პრემიერი უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი

27 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბერნემი მიიღებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ.

ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას სათავეში 20 ივლისს ჩაუდგა. მან პრემიერ-მინისტრის და მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტებზე კირ სტარმერი შეცვალა.

ენდი ბერნემმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მისცემს რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალების, Stone Cloak-ის ინტელექტუალური საკუთრებით სარგებლობის უფლებას. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა თავად შეძლებს Stone Cloak-ის წარმოებას. გაერთიანებულმა სამეფომ ადრე უკრაინას გადასცა პლანშეტის ზომის რამდენიმე ათასი Stone Cloak, რათა უკრაინული დრონები რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის უხილავი გამხდარიყვნენ.

ბერნემი და ზელენსკი ეწვევიან დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზას, სადაც უკრაინელ სამხედოებს ამზადებენ.

განახლება: 27 ივლისს დღის მეორე ნახევარში პორტსმუთში, ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ Queen Elizabeth-ზე გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის დელეგაცია პირველია, რომელიც ბრიტანეთში ვიზიტით ჩავიდა პრემიერად ბერნემის დანიშვნის შემდეგ, რაც მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია და ბერნემმა დაარწმუნა, რომ ეს მხარდაჭერა უცვლელია.

ზელენსკის ინფორმაციით განიხილეს თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების განვითარება. უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინული დრონების დასაცავად რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნოლოგიების გადაცემისთვის.



ფორუმი

XS
SM
MD
LG