ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო - კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

კობახიძე: „საუბარი იყო „ბაზების მომარაგებაზე“. სრული აბსურდია ამაზე საუბარი“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მის გუნდთან შეთანხმებული იყო ბიზნესის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გადატანა, - რაც კანონმდებლობის დაცვით მოხდა და მთავრობის ინტერესი „ნდობის აღდგენა“ იყო. მისი თქმითვე, „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი აბსურდულია.

ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ჩვენთან შეთანხმებული იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა… როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, ჩვენთან შეათანხმეს. ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით“.

მისი თქმითვე, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანეს 680 ტონა საწვავი.

„ფულის შოვნა არ ყოფილა მიზანი“

მისი თქმით, ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესისგან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან:

„არ ვიცი, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი. ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო დეფიციტის შევსება, რასთან დაკავშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა“.

„სავარაუდოდ, იქიდანაც [ინიციატორი] იყო ბიზნესი“, - თქვა მან დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად.

„შეიძლება, ბიზნესისთვის ეს იყოს ფულის შოვნა, თუმცა ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ფულის შოვნა არ იყო მიზანი, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ეს იყო ერთადერთი მოტივი“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი „სოლიდუსმა“ შეიტანა - რას ამბობენ კომპანიაში?

„აბსურდია, ისტერიკა აქვთ“

მან ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი არასერიოზულია:

„რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“ - რუსეთის მოხმარება რაც არის, ამის 0.001 პროცენტია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია იმის თქმა, რომ რუსეთი მარაგდება ამ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში“.

„საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე. ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ამაზე საუბარი. ნებისმიერ ბაზას თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, რადგან ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ის არის სტატიკური ობიექტი“, - თქვა მან.

მისი თქმით, ოპოზიციას - მათ, ვინც ამ საკითხზე კრიტიკა გამოხატა, - „აქვთ ისტერიკა“.

18 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ბესო შენგელიამ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, გადატანილი საწვავის „85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის“.

„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული სამხედრო სტრატეგიული ობიექტები“, - თქვა მან და ჩამოთვალა:

  • „რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში, სამხედრო ნაწილი 09322, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღიდან მონაწილეობს და რამდენიმე მოტომსროლელი ბრიგადა ჰყავს გაგზავნილი ომში;
  • რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დივიზია და საზღვაო ფლოტი, რომელიც განლაგებულია ოჩამჩირეში - ქართული საწვავი პირდაპირ ისხმება FSB-ს „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის სამხედრო კატარღებში, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებს;
  • გუდაუთის „ბომბორას“ სამხედრო აეროდრომი ქართული საწვავით ფუნქციონირებს“, - განაცხადა მან.

„საწვავის დეფიციტი შეივსება“

კობახიძემ ბრიფინგზე ჯერ თქვა, რომ საწვავის დეფიციტის პრობლემა აფხაზეთში უკვე მოგვარდა. რადიო თავისუფლების დაზუსტებაზე - გალსა და სხვა ქალაქებში საწვავის დეფიციტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით - მან უპასუხა:

„ამ ეტაპზე მხოლოდ 680 ტონაა შეტანილი, შესაბამისად, ბუნებრივია, სრულად ვერ მოიცავს იმ მოთხოვნას, რომელიც საწვავზე არსებობს. თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით და ამით შეივსება საწვავის დეფიციტი, რითაც ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება“, — დასძინა კობახიძემ.

აფხაზურ ტელეგრამ-არხებში ბოლო დღეებში კვლავ იუწყებიან ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ რიგებსა და საწვავის დეფიციტზე.

საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში

  • 12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა.
  • „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა;
  • ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
  • სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.