რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენიდან ამოიღეს ლიბერალური პარტია „იაბლოკო“. მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ჩამოართვა.
საარჩევნო ბიულეტენში „იაბლოკო“ №2 იყო.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე 18 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბერში, საარჩევნო უბნებზე მისულ მოქალაქეებს ბიულეტენში პირველ ნომრად დახვდებათ პუტინის მხარდამჭერი პარტია „ედინაია როსია“, რომელსაც მესამე ნომრად მოჰყვება ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და შემდეგ სხვა პარტიები მათი ნომრების მიხედვით.
როგორ დატოვეს „იაბლოკო“ არჩევნებს მიღმა
საპარლამენტო არჩევნებიდან „იაბლოკოს“ მოხსნა მოითხოვა ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „როდინა“, რომელმაც 7 აგვისტოს მიმართა რუსეთის უზენაეს სასამართლოს.
საჩივრის თანახმად, „იაბლოკო" სოციალურ ქსელებში ავრცელებდა აგიტაციას საარჩევნო ფონდიდან დაფინანსების გარეშე, არღვევდა საავტორო უფლებებს, პარტიის დონორებს შორის კი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. მომჩივანი „იაბლოკოს" ბრალს სდებდა ექსტრემიზმშიც.
ასევე ნახეთ
„იაბლოკომ“ უცხოური დაფინანსების კვალი აღმოუჩინა „ედინაია როსიას“ და კიდევ ხუთ პარტიას„იაბლოკომ" კანონის დარღვევა უარყო და სასამართლოში ამის დამტკიცება სცადა, თუმცა 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა „როდინას“ საჩივარი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტია „იაბლოკოს" ფედერალური საარჩევნო სიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
„იაბლოკომ" რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიაში გაასაჩივრა. კოლეგიამ საჩივარი 17 აგვისტოს განიხილა და არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოსკოვში, რუსეთის უზენაეს სასამართლოსთან „იაბლოკოს" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პოლიციამ აქციის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავა.
პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა 17 აგვისტოს, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ „იაბლოკოს" ოპონენტები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებითა და პატიოსანი, ღია და საჯარო დისკუსიების შიშით ანგრევენ რუსეთის სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და რუსეთის სახელმწიფოსაც.
17 აგვისტოს რუსულმა სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქ ფსკოვის სასამართლომ „იაბლოკოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევ შლოსბერგი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის ხელმეორედ დისკრედიტაციასა და ე.წ. ფეიკების გავრცელებაში და 11 წლით და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ
რუს ოპოზიციონერ ლევ შლოსბერგს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - "მე თქვენ თანაგიგრძნობთ..." უთხრა მოსამართლეს- „იაბლოკო" თავს უწოდებს უმრავლესობის ინტერესებისა და უფლებების დამცველ პარტიას და მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.
- რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 18-20 სექტემბერს ჩატარდება.