ღარიბაშვილის „სიმართლე“
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან მისთვის კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
„სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.
ასევე ნახეთ
ვის ეშინია პოლიტიკაში ღარიბაშვილის მესამედ მოსვლის? - პატიმარი ექსპრემიერის ორი წერილი ორ დღეშიღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვრიდან იხდის 5-წლიან სასჯელს - ის დამნაშავედ ცნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს: პატიმრობის გარდა, მას დაეკისრა 1 მლნ ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია.
„განსაცდელი“
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამის სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია“: „საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი“.
წერილი
„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და თავმჯდომარე გუშინ, 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ამბობდა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს. დღეს მან დაასახელა ყოფილი თანაგუნდელი, როგორც ამ წერილის გამგზავნი.
„ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ“.
მამუკა მდინარაძე ახლა რეგიონული განვითარების მინისტრია. სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებს უთხრეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“.
პოლიტიკაში მოსვლის 1%-იანი რისკი
ღარიბაშვილი თქმით, მდინარაძეს საპასუხოდ აცნობა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას და „აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა“.
„მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება“.
„წითელი ხაზი“
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალი კორუფციული ბრალის აღიარების მოთხოვნა გახდა მისთვის „წითელი ხაზი“, „რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...“.
17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილის მთავარი გზავნილები
- ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკში დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
- ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მას წერილი გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს.
- „გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას“, - წერია ღარიბაშვილის განცხადებაზე თანდართულ წერილის გამოსახულებაზე. აღიარების შემთხვევაში მას, ამ წერილის მიხედვით, მისჯილი 5-წლიანი პატიმრობის ვადა არ გაეზრდება.
- ღარიბაშვილი შეთავაზებულ პირობას მისი და მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმად“ აფასებს და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დღეს, 18 აგვისტოს ხალხს „სიმართლეს“ „გააცნობდა“.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - ოპოზიციის შეფასებებიირაკლი კობახიძის პასუხი
ირაკლი კობახიძე, ვინც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, 17 აგვისტოს წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ „მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“.
ასევე ნახეთ
„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძეირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მან არ იცის, რა წერილზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე აღნიშნა, რომ მას ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილის შესახებ არ უსაუბრია ბიძინა ივანიშვილთან.