მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე: პატიმრობაში მყოფი კაცია, შევიკავებ თავს

მამუკა მდინარაძე და ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ ლიდერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე პასუხობს ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც საპატიმროდან მის შესახებ ბრალდება გააჟღერა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს“.

„მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, 18 აგვისტოს გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის შესახებაც მან ერთი დღით ადრე ისაუბრა და თქვა, რომ „ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით“:

„ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ“.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილის წერილი გამოქვეყნდა: „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“

ამ წერილში საუბარია ახალი კორუფციული დანაშაულის აღიარებაზე:

„მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება“.

ასევე ნახეთ

ვის ეშინია პოლიტიკაში ღარიბაშვილის მესამედ მოსვლის? - პატიმარი ექსპრემიერის ორი წერილი ორ დღეში

17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილის მთავარი გზავნილები

  • ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკში დაწერა, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
  • ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მას წერილი გაუგზავნეს და მისთვის უცნობ კორუფციულ საქმეზე აღიარებითი ჩვენების მიცემა შესთავაზეს.
  • „გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას“, - წერია ღარიბაშვილის განცხადებაზე თანდართულ წერილის გამოსახულებაზე. აღიარების შემთხვევაში მას, ამ წერილის მიხედვით, მისჯილი 5-წლიანი პატიმრობის ვადა არ გაეზრდება.
  • ღარიბაშვილი შეთავაზებულ პირობას მისი და მისი ოჯახის „განადგურების ბინძურ გეგმად“ აფასებს და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დღეს, 18 აგვისტოს ხალხს „სიმართლეს“ „გააცნობდა“.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - ოპოზიციის შეფასებები

ირაკლი კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე, ვინც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, 17 აგვისტოს წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ „მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“.

ასევე ნახეთ

„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძე

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მან არ იცის, რა წერილზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე აღნიშნა, რომ მას ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილის შესახებ არ უსაუბრია ბიძინა ივანიშვილთან.