„სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ ყველაზე რთულ პირველ დღეებში, როცა უკრაინის ბედი დამოკიდებული იყო თითოეულ ადამიანზე, რომლისთვისაც ის სულერთი არ იყო, უკრაინელი მეომრების მხარდამხარ დადგნენ მოხალისეები და გმირები ბევრი მეგობრული ქვეყნიდან. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საქართველოს ვაჟებსა და ქალებს“, - წერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი სტატიაში - "საერთო ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების გაუტეხელ კავშირამდე", რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის მორიგი თარიღის - 24 აგვისტოს მოახლოებას ეძღვნება და დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა საქართველოში უკრაინის საელჩომ.
სტატიის იმავე ქვეთავში - "საბრძოლო ძმობა" - ბერეჟნი წერს:
"დღეს ბევრი ქართველი მებრძოლი - საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები და ეთნიკური ქართველები, რომლებიც სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები არიან - იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ფორმირებათა რიგებში. ისინი იარაღით ხელში იცავენ უკრაინის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და შესანიშნავად ესმით, რომ: ეს არის საერთო საქმე.
რუსეთის აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდილებით, საქართველოს ხალხს ისე, როგორც არავის, ესმის უკრაინელების ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიესა თუ ხერსონის ოლქებში წყდება არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, არამედ იქ გადის რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი, რომლის შედეგზეც დამოკიდებულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც".
უკრაინელი დიპლომატი ვრცელ საავტორო ტექსტში არაერთგზის უბრუნდება ქართველი მებრძოლების სიმამაცის აღნიშვნასა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვას:
"უკრაინის ფრონტზე ქართველი გმირების სიმამაზე, უშიშობა და თავგანწირვა იქცა სოლიდარობის უმაღლეს გამოვლინდებად და ჩვენს საერთო გამარჯვებაში ქართველი ხალხის მიერ ჩადებულ უდიდეს წვლილად.
ქედს ვიხრით უკრაინელი და ქართველი მებრძოლების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. მათი გმირობა სამუდამოდ ჩაიწერება ჩვენი საბრძოლო ძმობის ისტორიაში და იქცევა ნიშნულად მომავალი თაობებისთვის".
ასევე ნახეთ
როგორ ეძებენ და აბრუნებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებსბერეჟნი აღნიშნავს, რომ უკრაინის ისტორია "თავისუფლებისთვის ბრძოლაშია გამოწრთობილი" და 24 აგვისტო უკრაინის მოქალაქეებისთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი ან ფორმალური დღესასწაული არ არის:
"დამოუკიდებლობა ჩვენთვის არასდროს ყოფილა მოცემულობა, საჩუქარი ან ისტორიულ გარემოებათა შემთხვევითი თავმოყრა. ის გამოიჭედა საუკუნოვანი უწყვეტი ბრძოლით, გამოიწრთობილია უკრაინელების სწრაფვით იყვნენ საკუთარი მიწის ბატონ-პატრონები, იცხოვრონ ღირსებისა და სინდისის კანონებით, ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე, გაუფრთხილდნენ თავიანთ კულტურას, ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობას და გადასცენ ისინი მომავალ თაობებს".
თავისუფლებისთვის ბრძოლის ეტაპებს მოკლედ ასე აღწერს:
"ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი გზა არის დაუმორჩილებლობის ქრონიკა: სამთავროთა დროიდან კაზაკების გამარჯვებამდე, მე-20 საუკუნის დასაწყისის გამათავისუფლებელი მოძრაობიდან და უკრაინული იატაკქვეშა ბრძოლიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, „ღირსების რევოლუციამდე“ და რუსეთის აგრესიასთან ახლანდელ წინააღმდეგობამდე.
თავისუფლება ყოველთვის უდიდესი ფასის გაღებას მოითხოვდა უკრაინელებისგან. ყოველ ჯერზე, როცა მტერი ცდილობდა ჩვენი საზღვრების წაშლას, ჩვენი ეროვნული მეხსიერების განადგურებასა და ისტორიის მითვისებას, ჩვენ კვლავ აღვდგებოდით - აღვადგენდით ჩვენს სახელმწიფოებრიობას, გადავარჩენდით საკუთარ თავს, როგორც ერს და უფრონ ვძლიერდებოდით".
ასევე ნახეთ
როგორ შეცვალა გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ომი უკრაინაშიდმიტრო ბერეჟნი უკრაინის დღევანდელ ბრძოლას ისტორიული ბრძოლის პირდაპირ გაგრძელებას უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია 2022 წელს არ დაწყებულა:
"ის გრძელდება 2014 წლიდან, ყირიმის უკანონო ანექსიიდან და დონბასში ომის გაჩაღების შემდეგ. მაშინ კრემლმა საბოლოოდ ჩამოიხსნა „მოძმე ხალხის“ მითიური ნიღაბი, „რუსულმა სამყარომ“ კი აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე: ისტორიულ სიახლოვეზე სიტყვების უკან იმალებოდა იმპერიული პრეტენზიები, სხვისი ტერიტორიების მითვისებისკენ და მეზობელი ქვეყნებისთვის თავიანთი მომავლის განსაზღვრის უფლების წართმევისკენ სწრაფვა.
2022 წლის თებერვალში აგრესორმა მიმართა არაპროვოცირებულ სრულმასშტაბიან შეჭრას, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი კაპიტულაციის იმედით. თუმცა, მტერი შეცდა. მილიონობით უკრაინელი დადგა ქვეყნის დასაცავად - ფრონტის ხაზზე, თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში, საავადმყოფოებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და მოხალისეთა შტაბებში, რითაც მსოფლიოს დაანახეს ეროვნული ერთიანობისა და სიმტკიცის მაგალითი".
საქართველოს მიმართ მადლიერებას ბერეჟნი გამოხატავს აგრეთვე ქვეთავში - "მოქმედებაში გამოხატული საერთოეროვნული სოლიდარობა":
"უკრაინის ხალხი ყოველთვის ღრმა მადლიერებითა და სითბოთი გაიხსენებს იმ მასშტაბურ სიკეთესა და სტუმართმოყვარეობას, რომელიც ომის პირველივე დღეებში ვირგძენით საქართველოდან. საქართველო იქცა ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელთა ათასობით ოჯახს, რომლებიც რუსი ოკუპანტების ზეწოლის, ბომბებისა და ცეცხლის ქვეშ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან დღემდე უკრაინის 500 ათასზე მეტი მოქალაქე იძულებით ევაკუირდა და ტრანზიტად, საქართველოს ტერიტორიის გავლით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მიაშურა. ბევრი მათგანისთვის სწორედ საქართველოს მიწა იქცა პირველ უსაფრთხო თავშესაფრად რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ განცდილი საშინელების შემდეგ. ახლა 27 ათასზე მეტი უკრაინელი განაგრძობს საქართველოში დროებით ცხოვრებას, სამართლიანი მშვიდობის დადგომისა და მშობლიურ სახლში დაბრუნების მოლოდინით.
უკრაინისთვის ჰუმანიტარულმა და სოციალურმა მხარდაჭერამ ჭეშმარიტად საერთო-სახალხო მასშტაბი შეიძინა საქართველოში, რამაც გააერთიანა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოქალაქეების ძალისხმევა. ომის პირველ მძიმე თვეებში ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომელიც იძულებული გახდა საქართველოში ეძებნა თავშესაფარი, მიიღო უფასო საცხოვრისი, ცხელი კერძი, მატერიალური დახმარება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა".
ასევე ნახეთ
წამება, სექსუალიზებული ძალადობა, დეპორტაციები, მობილიზაცია. გაეროს ანგარიში უკრაინაში ომის შესახებბერეჟნი ხაზს ცალკე აღნიშნავს უკრაინელი ბავშვებისთვის გაწეულ მხარდაჭერას:
"მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა თბილისისა და ბათმის საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორების შექმნა, სადაც უკრაინელი ბავშვები დღესაც განაგრძობენ სწავლას მშოვლიურ ენაზე უკრაინის ეროვნული საგანამანათლებლო პროგრამით. ეს მათ ეხმარება არა მხოლოდ ახალ პირობებთან შეგუებაში, არამედ ეროვნული იდენტობისა და სამშობლოსთნ კავშირის შენარჩუნებაში. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, კერძოდ, ბავშვები, რომელთა მშოვლებმაც სიცოცხლე გაიღეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის".
უკრაინელი დიპლომატი წერს როგორც მოქალაქეების მიერ გამოხატულ, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზეც:
"დიდი წვლილი შეიტანა ამაში ინსტიტუციურმა მხარდაჭერამაც, რომელიც გამოიხატა საზღვრის კვეთის, უკრაინის მოქალაქეების უვიზოდ ყოფნის ვადების გახანგრძლივების და მათთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებაზე წვდომის პროცედურების გამარტივებაში.
იმავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებული და უკრაინაში გაგზავნილი ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და წამლები უკიდურესაც მნიშვნელოვან მხარდაჭერად იქცა ჩვენი ქალაქებისთვის ომის ურთულეს პერიოდში.
ასეთ თბილი და გულღია მიღების წყალობით, უკრაინელები საქართველოში არ გრძნობენ თავს უცხო ქვეყანაში. ჩვენი ბევრი თანამემამულისთვის საქართველო ნამდვილად იქცა ახლობელ ქვეყნად, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერასა და გულწრფელ ადამიანურ სოლიდარობას".
ბერეჟნი აღწერს ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის დასაცავად გაწეულ ძალისხმევას:
"ვითარება ფრონტზე კვლავაც მძიმეა, თუმცა ამასთან ერთად უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლდება. უკრაინელ მეომრებს თანმიმდევრულად უჭირავთ სტრატეგიული ინიციატივა და განაგრძობენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაციის ამოცანის შესრულებას. უკრაინული არმია, რომელიც უპირატესი ძალის მქონე მტერს ებრძვის, აჩვენებს მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, მოქნილობას, ოპერატიულ უპირატესობას. ჩვენი დამცველები არა მხოლოდ აკავებენ აგრესორის თავდასხმებს, არამედ სისტემურად ანადგურებენ მის სამხედრო პოტენციალს და დამპყრობლების მიერ გაქცევის ყოველ მცდელობას კრემლის სამხედრო მანქანის სტრატეგიულ დამარცხებად აქცევენ".
დმიტრო ბერეჟნი წერს უკრაინაზე, როგორც "ევროპის უსაფრთხოების კონტრიბუტორზე":
"უკრაინის დღევანდელი ბრძოლა არის არა მხოლოდ ერის გადარჩენისთვის ან სახელმწიფო საზღვრების დაცვისთვის ომი. ეს არის გლობალური წინააღმდეგობა ცივილიზაციური არჩევანისა და მთელი თავისუფალი სამყაროს ძირითადი ღირებულებებისთვის".
ბერეჟნი წერს უსაფრთხოებისთვის საჭირო ქმედითი კავშირების არსებით მნიშვნელობაზეც და იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, არა როგორც დახმარებისა და გარანტიების მიმღები, არამედ როგორც უსაფრთხოების კონტრიბუტორი.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული სტატიის ბოლო ქვეთავის სათაურია - "ბრძოლა გრძელდება - ჩვენ გავიმარჯვებთ!":
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღე არის იმის შეხსენება, რომ თავისუფლებას სჭირდება მუდმივი მზადყოფნა მის დასაცავად. ბრძოლდ გრძელდება ყველა ფრონტზე. ის ჩვენგან მოითხოვს ერთიანობას, გამძლეობასა და საკუთარ ძალებში მტკიცე რწმენას.
გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თითოეული გამოვლინების მიმართ, თითოეული ქართველი მებრძოლისთვის, რომელიც წინა ხაზზე ჩვენს გვერდით დგას, უკრაინელი ბავშვისთვის მიცემული თითოეული თავშესაფრისთვის, თითოეული ლარისა და გენერატორისთვის უკრაინის მხარდასაჭერად.
დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინისა და საქართველოს ხალხების საერთო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის აუცილებლად დასრულდება სამართლიანობის, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების სრული დეოკუპაციითა და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით.
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!", - ასე ასრულებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მოახლოებისადმი მიძღვნილ წერილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი. ტექსტი უკრაინის საელჩომ 21 აგვისტოს გაავრცელა.