გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) საერთაშორისო კომისიამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია და უკანონო გაყვანა. ასევე სამხედრო დანაშაულად შეფასდა ამ ბავშვების უკრაინაში დაბრუნების პროცესის გაჭიანურება. კომისიამ ასევე გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი გასული წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დროს მომხდარი ფაქტების გამოძიების შედეგები და გამოყოფილია კონფლიქტის ორივე მხარის მიერ ჩადენილი ძირითადი დარღვევები.
გაეროს საერთაშორისო კომისიის ახალ ანგარიშში ასევე საუბარია:
- დარღვევებზე რუსეთის სასამართლოებში, რომლებსაც გამოაქვთ გამამტყუნებელი განაჩენები უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეებისთვის;
- რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე;
- რუსეთის არმიაში უცხოელ დაქირავებულებზე;
- ასევე უკრაინაში მობილიზაციის დროს გამოვლენილ დარღვევებზე.
უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და გაყვანა რუსეთში
გაეროს საერთაშორისო კომისიამ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ბავშვების დეპორტაცია, უკანონო გადაყვანა და იძულებითი გაუჩინარება. ასევე სამხედრო დანაშაულად იქნა მიჩნეული მათი უკრაინაში დაბრუნების პროცესის გაჭიანურება.
უკრაინის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით 20 ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია ან იძულებით გადაადგილება განახორციელა, მათ შორის ობლებისა და სხვადასხვა ტიპის ბავშვთა დაწესებულებების (საბავშვო სახლების, ინტერნატების და სხვ.) აღსაზრდელებისა. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ სხვადასხვა შუამავლის დახმარებით 2000-ზე ოდნავ მეტი ბავშვის დაბრუნება შეძლო. კომისიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლად დაადასტურა 1205 ბავშვის გაყვანა, რომელთაგან 995 ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის დემოკრატიული რესპუბლიკების ტერიტორიებზე მდებარე 11 დაწესებულების აღსაზრდელია. ამასთან ეს ბავშვები უკრაინიდან გაიყვანეს ცოტა ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.
კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება „შეგნებულად და სისტემატურად“ არ ამხელს ინფორმაციას უკრაინიდან გაყვანილი ბავშვების ადგილსამყოფლის შესახებ. ასევე ისინი ბავშვებს ანაწილებენ რუსეთის საბავშვო სახლებში ან მინდობით გადასცემენ ოჯახებს. ზოგ შემთხვევაში ბავშვებს რუსულ ოჯახებში აშვილებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინაში ნათესავები ჰყავთ. კომისიის შეფასებით, ეს ქმედებები უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს - ბავშვების იძულებით, ძალადობრივ გაუჩინარებას.
კომისიამ მოახდინა რუსეთის 21 რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც ეს ბავშვები არიან განთავსებული.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დეპორტაციის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბავშვები საბრძოლო მოქმედებებს გაარიდეს “ევაკუაციით”. გაეროს კომისია კი აღნიშნავს, რომ ომის დროს ევაკუაცია დასაშვებია, მაგრამ ის უნდა იყოს დროებითი და ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.
ამასთან ერთად, რუსეთი წლების განმავლობაში აჭიანურებს ბავშვების რეპატრიაციის პროცესს, მიუხედავად უკრაინისა და სხვა შუამავალი ქვეყნების მცდელობებისა. გაეროს საერთაშორისო კომისია ამას სამხედრო დანაშაულად აფასებს.
იმის ნაცვლად, რომ შეექმნა ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მოქმედი სისტემა, რუსეთის ხელისუფლება „ფოკუსირებული იყო ბავშვების ხანგრძლივ განაწილებაზე ოჯახებში ან რუსეთის ფედერაციის ინსტიტუციებში“, - ნათქვამია ანგარიშში. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ დეპორტირებულ და ქვეყნიდან გაყვანილ უკრაინელ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას აძლევენ და მათ მონაცემებს რუსეთის შვილად აყვანის პორტალებზე აქვეყნებენ.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეს მოქმედებები სისტემურ ხასიათს ატარებს და წარმოადგენს უფრო ფართო, კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილს. პასუხისმგებლობა კი ეკისრება რუსეთის სხვადასხვა დონის ჩინოვნიკებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინსაც.
2023 წლის გაზაფხულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით. თავად ლვოვა-ბელოვამ განაცხადა, რომ ამ მოქმედებებით ამაყობს. ხოლო რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში წერია, რომ „რუსეთის ფედერაციამ მიიღო უკრაინისა და დონბასის რესპუბლიკების დაახლოებით 4,8 მილიონი მცხოვრები, რომელთაგან 700 ათასზე მეტი ბავშვია“. ცალკე აღნიშნულია, რომ მათგან მხოლოდ დაახლოებით 1,5 ათასი ბავშვი იყო გაყვანილი ბავშვთა სახლებიდან და თავშესაფრებიდან.
სექსუალიზებული ძალადობა რუსი სამხედროების მხრიდან
გაეროს კომისიამ პირველად დააფიქსირა დოკუმენტურად შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაიბადა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად.
„დედა სიყვარულით ზრდის ბავშვს და ცდილობს დაიცვას იგი ტრავმისგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბადების გარემოებების ცოდნამ. ქალის წინაშე დგას დილემა — განაცხადოს თავისი შემთხვევის შესახებ და იბრძოლოს სამართლიანობისთვის, თუ არა, რადგან ეშინია, რომ ამან შეიძლება ძველი ჭრილობები გაუხსნას", - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე კომისიის გამომძიებლები აფიქსირებენ მსგავს დანაშაულებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ძალადობაგადატანილებს შორის არის 13 წლის გოგონაც.
გაეროს გამომძიებლებმა მსგავსი დანაშაულები დააფიქსირეს (დოკუმენტურად აღწერეს) უკრაინის შემდეგ ოლქებში: ჩერნიგოვი, დონეცკი, ხარკოვი, ლუგანსკი, მიკოლაივი, ზაპოროჟიე. ქალები და გოგონები რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობას ძირითადად აწყდებოდნენ თავიანთ სახლებში, ოკუპაციის დროს; ზოგი მათგანი ჰყვებოდა პირდაპირ ქუჩიდან გატაცების შემთხვევებზეც.
როგორც ადრე აცნობა უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა რადიო თავისუფლების პროექტის, The CurrentTime-ის რედაქციას, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ოთხი წლის განმავლობაში აღძრულია 393 საქმე, რომლებიც დაკავშირებულია რუსი სამხედროების მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობასთან. სასამართლოებმა გამოიტანეს 17 დაუსწრებელი განაჩენი 22 რუსი სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ.
რუსეთის სასამართლოები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
კომისია ასევე ადანაშაულებს რუსეთს იმაში, რომ იგი არღვევს უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების უფლებას სამართლიან სასამართლოზე. ასეთი დასკვნა გამომძიებლებმა გამოიტანეს რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული 72 სასამართლო პროცესის ანალიზის შემდეგ. უკრაინელებს ბრალს სდებენ მძიმე დანაშაულებში - ტერორიზმში, ჯაშუშობაში ან ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებაში - და უსჯიან 8-დან 25 წლამდე პატიმრობას.
კომისიის ცნობით, ბრალდებულებს აწამებენ, აიძულებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს, რომლებიც არ წაუკითხავთ, ასევე აიძულებენ, მისცენ ცრუ ჩვენებები, ხოლო მათ ნათესავებს ემუქრებიან.
„რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად აყალბებდა მტკიცებულებებს, რომლებსაც შემდეგ სასამართლოებში წარადგენდნენ. კომისიის ხელში მოხვედრილი მრავალრიცხოვანი დოკუმენტები და ვიდეომასალა ადასტურებს, რომ რუსი გამომძიებლები იყენებდნენ წამებასა და სასტიკ მოპყრობას აღიარებითი ჩვენებების მისაღებად (...), რომლებიც შემდეგ პროპაგანდისტული მიზნებით გადაეცემოდა მედიას“, - ნათქვამია ანგარიშში.
მსჯავრდადებულთა შორის იყვნენ უკრაინული ბატალიონების - „აზოვის“, „აიდარის“, „დონბასის“ - მებრძოლები. კომისია ხაზს უსვამს, რომ რუსეთი უარს ამბობდა, მიენიჭებინა მათთვის სამხედრო ტყვე კომბატანტის სტატუსი და ასამართლებდა მათ რუსული კანონებით მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი უკრაინის არმიის ნაწილი იყვნენ, შედეგად კი დაირღვა მათი უფლებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლით არის გარანტირებული.
ამასთანავე, რუსეთმა უკრაინელი სამოქალაქო ტყვეები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასამართლო პროცესების ჩასატარებლად, რაც, კომისიის შეფასებით, ასევე სამხედრო დანაშაულია.
ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდადებულების წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევდნენ ადამიანები, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში და თავადაც წამების მსხვერპლნი ან „ანონიმური მოწმეები“ იყვნენ.
ადრე რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ აცხადებდა, რომ სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ფიგურანტი გახდა 1277 უკრაინელი - მათ შორის 551 სამოქალაქო პირი და 726 სამხედრო მოსამსახურე. 2022 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე, 39 უკრაინელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, - აღნიშნავს „მემორიალი“.
მობილიზაცია და რეკრუტირება რუსეთის არმიაში
გაეროს კომისიამ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის არმიის რიგებში იბრძვიან, სულ მცირე, 17 სახელმწიფოს მოქალაქეები აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ლათინური ამერიკიდან. ზოგი მათგანი რუსეთის არმიაში ნებაყოფლობით შევიდა, ხოლო სხვების რეკრუტირება მოტყუებით მოხდა - სამოქალაქო სექტორში სამუშაოს ჰპირდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ფრონტზე აღმოჩნდნენ, - ნათქვამია ანგარიშში.
კომისიის გამომძიებლები ასევე ესაუბრნენ რუსეთის არმიიდან გაქცეულ 85 დეზერტირს. ბევრმა მათგანმა ილაპარაკა სამხედრო ხელმძღვანელობის სასტიკ და არაჰუმანურ მოპყრობაზე იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც უარს ამბობდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე ან აკრიტიკებდნენ ხელმძღვანელობას. მათ მიმართ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯის იმიტაცია და სასტიკი ცემა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევდა; სამხედროებს „სარდაფებში“ ამწყვდევდნენ და ტოვებდნენ საკვებისა და წყლის გარეშე.
ყოფილი სამხედროები ასევე ამბობდნენ, რომ მათ აგზავნიდნენ „სახორცე იერიშებზე“ - ყოველგვარი მომზადების, აღჭურვილობის ან ევაკუაციის გეგმის გარეშე. გარდა ამისა, მეთაურები მათ ფულსაც სძალავდნენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სისასტიკის კულტურას, რომელიც დომინირებს რუსეთის არმიაში და აისახება ომის წარმოების მეთოდებზეც:
„შეგროვილი მტკიცებულებები აჩვენებს სასტიკ ქცევას, დამცირებას, არაჰუმანურ მოპყრობასა და ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების სრულ გაუფასურებას. ამასთან ეს ყველაფერი ჩადენილია დაუსჯელობის განცდით.“
უკრაინის დარღვევები: სასამართლოები კოლაბორაციონიზმისთვის
კომისიის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევდა კოლაბორაციონისტული საქმიანობის შესახებ სასამართლო პროცესების დროს. ეს დიდწილად დაკავშირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-1 მუხლის ფართო განმარტებასთან. ამავე მიზეზით უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებენ უკრაინელი უფლებადამცველებიც.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, 2022 წლიდან ქვეყანაში რეგისტრირებულია თითქმის 24,5 ათასი საქმე, რომლებშიც ფიგურირებს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამ საქმეების თითქმის ნახევარი, 11 ათასი, კოლაბორაციონისტულ საქმიანობას ეხება.
გაეროს კომისიის მიხედვით, უკრაინამ უნდა შეიტანოს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 111-1 მუხლში და შეუსაბამოს ის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რადგან ოკუპანტები ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ მუშაობას დასახლებული პუნქტების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რაც მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებშიც შედის.
„ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია იძულებით სამუშაოზე გაგზავნოს მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირები და მხოლოდ ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც აუცილებელია ოკუპანტი არმიის საჭიროებებისთვის ან დაკავშირებულია კომუნალურ მომსახურებასთან, საკვებთან, საცხოვრებელთან, ტანსაცმელთან, ტრანსპორტსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან“, - ციტირებს კომისია ჟენევის კომისიის 51-ე მუხლს.
მაგალითად, ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა ადამიანს, რომელიც ოკუპაციის დროს მყარ საწვავს ეზიდებოდა ღუმლის გასახურებლად ლიმანში (დონეცკის ოლქი), უმაღლესმა სასამართლომ ბრალდებულის მხარე დაიჭირა. სასამართლოს განმარტებაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და შესაბამისად საქმე ფორმალურად განიხილეს.
მაგრამ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში (რომელშიც ქალაქ სნიჰურივკის (მიკოლაივის ოლქი) მკვიდრმა ქალმა ოკუპაციის დროს „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის სოციალური უზრუნველყოფის ხელმძღვანელის“ პოსტი დაიკავა და სოციალური დახმარებების გაცემის პროცესს ხელმძღვანელობდა) უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების განაჩენი ძალაში დატოვა. გაეროს კომისიის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის ნათესავის მიმართ არსებული მუქარები და ასევე „ოკუპაციის უფრო ფართო კონტექსტი, მათ შორის ის გარემოება, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე სამსახურის პოვნა შეუძლებელი იყო“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ განაჩენში ეს მუხლი გამოიყენეს რეტროაქტიულად ანუ უკუქმედებით (კანონის ძალაში შესვლამდე მომხდარ ქმედებებზე), ზოგიერთში კი უკრაინელმა გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, ზუსტად როდის მოხდა დანაშაული.
2022 წლის ნოემბერში ლვოვის სასამართლომ ყირიმის მკვიდრ ტატიანა ნეზელენიკოვას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ყირიმის მთავრობის ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო ღალატში. განსასჯელი ბრალს უარყოფდა და აცხადებდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის სამსახური „უკრაინას ვერ ავნებდა“.
დარღვევები უკრაინაში მობილიზაციის დროს
კომისიამ ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მობილიზაციის პროცესის დროს გამოვლენილ პრობლემებზე. გამომძიებლებმა 14 ოლქში სამხედრო ვალდებულების ასაკის ისეთი 75 ადამიანი გამოჰკითხეს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს გამწვევი პუნქტების (კომისარიატების) თანამშრომლების ძალადობა.
ზოგმა მათგანმა გაეროს კომისიას უთხრა, რომ მათ პოლიცია და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები აკავებდნენ, ადმინისტრაციულ პატიმრობაში ათავსებდნენ, სწრაფი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი პირდაპირ ფრონტზე აგზავნიდნენ - ნათესავებთან, იურისტებთან ან დამსაქმებლებთან დაკავშირების შესაძლებლობის გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში სამედიცინო კომისიამ უგულებელყო მობილიზებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისინი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნო, რამაც მათი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.
კომისია ასევე ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მობილიზაციით გაიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რელიგიური მოსაზრებების გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე და ალტერნატიულ სამსახურში გადაყვანას ითხოვდნენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბაზო სამხედრო მომზადების ბანაკებში, მათი თქმით, მათ მიმართ ძალადობას იყენებდნენ, ემუქრებოდნენ, დიდხანს ამყოფებდნენ გათხრილ ორმოებში და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის იმიტაციასაც უწყობდნენ.
უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულმა ადამიანის უფლებებში დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ 2025 წლის განმავლობაში მან 6127 მიმართვა მიიღო სამხედრო კომისარიატებში დარღვევებთან დაკავშირებით. ლუბინეცმა ეს მდგომარეობა „სისტემურ კრიზისად“ შეაფასა. რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ლუბინეცმა თქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულებს ეხება:
„როდესაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზღუდავენ უკრაინის მოქალაქეების თავისუფლებას, ართმევენ პირად ნივთებს, იყენებენ ძალას, ზოგჯერ ეს ძალა ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს — ადამიანები საავადმყოფოში ხვდებიან. ზოგჯერ კი იღუპებიან კიდეც.“ ამასთანავე უკრაინის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაიჭრას და უკრაინელები წახალისებით, სტიმულირებით, ნებაყოფლობით უნდა შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში.
2026 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ მზადდება „გასაგები და ეფექტიანი გადაწყვეტილებები“ სამხედრო კომისარიატების მუშაობაში კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად. კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული, ბუდანოვს არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მათ შემუშავებაში მონაწილეობდნენ გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები.
ფორუმი