ასოციაციის თავმჯდომარე შსს-ს: დადიანიძის ადვოკატთან დაკავშირებით იყავით ზუსტი

ირაკლი ყანდაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატთან დაკავშირებით განცხადებები იყოს ზედმიწევნად ზუსტი. იურისტი საგამოძიებო უწყებას საჯაროდ, ფეისბუკით მიმართავს.

„დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი შეფასების თუ გარემოების გასაჯაროება, რაც შეიძლება არ ეფუძნებოდეს დადგენილ ფაქტს და მეორე მხრივ, გამოიწვევს დაუსაბუთებელ კითხვას წარმომადგენლის მიმართ... დაზარალებულის ადვოკატი გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის არის დამატებითი მხარდაჭერა საქმეზე ერთობლივი ძალისხმევით დადგინდეს სიმართლე“, - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

ამ განცხადების შემდეგ რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რა მოხდა

18 აგვისტოს, გვიან საღამოს 17 წლის გურამ დადიანიძის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) „მოვიდა დრო“. მეორე დღეს დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი გაუჩინარებული შვილის ანგარიშზე სოციალურ ქსელში ასეთი გზავნილი გაჩნდა.

ასევე ნახეთ

შსს: „ვარკვევთ“ - ვინ დაწერა 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის სახელით პოსტი?

„იცოდნენ“

20 აგვისტოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ „აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა - სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე“.

ასევე ნახეთ

შსს: დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ. ადვოკატი: უდიდესი ტყუილია | პოსტი გაუჩინარებული დადიანიძის ფეისბუკზე

როგორ დაიგეგმა - შსს-ს ვერსია

შსს-ს ცნობით, ამ პოსტის დაწერა ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა.

„ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა“, - ამბობს შსს.

უწყების თანახმად, „აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა“.

„უდიდესი ტყუილია“

შსს-ს ამ განცხადებას რამდენიმე წუთში გამოეხმაურა ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე:

„შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი, რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე... აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას“.

ვინ დაწერა პოსტი?

ადვოკატი კაკაბაძე ამბობს, რომ 16 აგვისტოს მის ფეისბუქ გვერდზე (ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze) მისწერა უცნობმა ადამიანმა ფეისბუქ-პროფილით „ნასვამი ჩოჩორი“:

„მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათქვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პირად პროფილზე... აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის...

ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ [საქმის ერთ-ერთი მოწმის] კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ-გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი „დედა, ცოცხალი ვარ“ დადებულია კახა გელაშვილის მიერ“...

„ნასვამი ჩოჩორი“ ტიკ-ტოკზე

20 აგვისტოს, გვიან ღამით ანონიმურმა მომხმარებელმა, „ნასვამმა ჩოჩორმა“ ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა აუდიომიმართვა, სადაც ამბობს, რომ პოსტი მან დაწერა.

შეცვლილი ხმით იგი ამბობს: „მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

მისი თქმით, „დაპოსტვის შემდეგ“ გაგზავნეს „ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ“.

დადიანიძის საქმე

  • 17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, მათ შორის, საქმის მოწმეების გამოკითხვა, სამძებრო ღონისძიებაში როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სოფო ბიბილაშვილმა საქმეში ჟურნალისტები ჩართო.
  • 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიებისას ბოლო ერთ თვეში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
  • 10 აგვისტოსვე დაიწყო იმ ტერიტორიის ხელახლა შემოწმება, საიდანაც, 12 წლის წინ, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
  • შსს-ს განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე „რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა“.

ასევე ნახეთ

შსს: დღეიდან კიდევ ერთხელ შემოწმდება ტერიტორია, საიდანაც დადიანიძის კვალი გაქრა