ერთ-ერთი დარტყმის სამიზნე იყო ანკლავის
ცენტრში ქალაქ ზავაიდაში მდებარე შენობა. ისრაელის არმიამ გააფრთხილა ქონების მფლობელები, დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია, განაცხადეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა.
მედიკოსების თქმით, აფეთქების შედეგად ათეულობით მეტრის რადიუსში მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დააშავა, მათ შორის 4 წლის მოჰამად აბდელ-სალამ თაჰა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მეორე საჰაერო დარტყმა ახლომდებარე ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელდა, განაცხადეს ჯანდაცვის ოფიციალურმა
პირებმა.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ იგი ორივე
იერიშის გარემოებებს იძიებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, შეაჩერა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დანგრეულ ტერიტორიაზე, თუმცა ვერ შეწყვიტა ისრაელის სამხედრო ძალების დარტყმები, რომლებიც, მათი განცხადებით, ჰამასისა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და ღაზაში სხვა მებრძოლთა თავდასხმების აღკვეთას ისახავდა მიზნად.
ისრაელის სამხედრო უწყებამ, შაბათს, გვიან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან მოკლა ჰამასის მაღალი რანგის მებრძოლი, შარიფ ალ-ჰასნათი, ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში. უწყების ცნობით, იგი ხელმძღვანელობდა ძალისხმევას ჰამასის „მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის“ აღსადგენად.
ჰამასი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფრო ფართო გეგმის
(რომელიც მიზნად ისახავს ღაზის კონფლიქტის დასრულებას და ასევე მოიცავს ისრაელის ჯარების გაყვანასა და ჰამასის განიარაღებას) განხორციელებისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, გასული წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ღაზაში 1 280-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.
პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, ისრაელელი კაცი დანით დაჭრა და დააშავა ეჭვმიტანილმა, რომელიც, სავარაუდოდ, პალესტინელია, განაცხადეს პოლიციამ და ისრაელის სამხედრო უწყებამ.
სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ჩანს კაცი, რომელიც იერიქონის მახლობლად მდებარე მთავარი ავტომაგისტრალის გვერდით, ავტომობილთან იცდის, რის შემდეგაც ისრაელელ კაცს, როდესაც ეს უკანასკნელი თავის გაჩერებულ მანქანას უახლოვდება, დანით აყენებს
ჭრილობას.
ეჭვმიტანილი ფეხით გაიქცა და ისრაელელი ჯარისკაცები მას ეძებდნენ, განაცხადა სამხედრო უწყებამ.
ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ნაპირის სხვა ნაწილში, ისრაელის ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 14 წლის ბიჭი, ისლამ აჯური, ნაბლუსის მახლობლად მდებარე ასკარის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული რეიდის დროს.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ იგი აღნიშნულ ინციდენტს იძიებს.
დასავლეთ ნაპირზე, სადაც 3 მილიონი პალესტინელი და დაახლოებით 500 ებრაელი მოსახლე ცხოვრობს, იმატა საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქ დასახლებულ მოსახლეთა მხრიდან ძალადობამ და მიწებისა და რესურსების მიტაცებამ.
განსაზღვრულია, რომ ამ ტერიტორიაზე პალესტინელთა სახელმწიფო უნდა დაფუძნდეს.
გაეროს ორგანოები და ქვეყნების უმეტესობა ამ დასახლებებს, სამხედრო ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონოდ მიიჩნევს.
ისრაელი არ ეთანხმება და ამ მიწასთან ბიბლიურ და
ისტორიულ კავშირებს იშველიებს თავისი პოლიტიკის გასამართლებლად.