პრევენციას ცდილობდა - კალაძე ღარიბაშვილის ახალ ბრალსა და წერილებზე

გარეკანზე: კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე, 2024 წლის ფოტო

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის, პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი, კორუფციული ბრალდების წარდგენას და ამას სამწუხაროს უწოდებს.

კალაძის თქმით, მიაჩნია, რომ წინა კვირაში ღარიბაშვილის მიერ ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ზეწოლაზე განცხადებები მისთვის ამ ახალი ბრალის წარდგენის პრევენციას ემსახურებოდა.

„პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა... ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 24 აგვისტოს.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილს ქრთამის აღების ბრალდება წარუდგინეს ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზე
  • 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი“, - თქვა კალაძემ და დასძინა:

„ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“.

იგივე თქვა მინისტრმა მიქანაძემაც

24 აგვისტოსვე განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში პრეზენტაციის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა:

„მაქვს განცდა იმისა, რომ ამ წერილებით ის ცდილობდა, რომ ეს ახალი ბრალდებები გარკვეულწილად გადაეფარა და სპეკულირება მოეხდინა. ეს, რაც ჩანს, ასეა. თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ“.

„ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, გამოავლინოს ყველა კორუფციული მომენტი და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩაბმულები მიუხედავად იმისა, რა პოზიციები ეკავა თუ უკავია“, - თქვა მან.

ღარიბაშვილის განცხადებები

ახალი ბრალდება მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, სადაც იგი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობდა.

ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17, 18 და 20 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.

მან განაცხადა, რომ მათს უსაფრთხოებაზე „სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.

ასევე ნახეთ

მდინარაძე ღარიბაშვილის წერილში. რა პასუხია ბრალდებებზე?
  • ღარიბაშვილის თქმით, მან მამუკა მდინარაძისგან წერილი მიიღო, რომელშიც მისგან ახალი კორუფციული საქმის აღიარებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ პირობას არ დათანხმდა და „ბრძოლა“ გადაწყვიტა.
  • ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მის ყოფილ თანაგუნდელებს ეშინოდათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამ რისკის „გადაზღვევას“ ცდილობდნენ.