„ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ ერთია - გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა“, - დაწერა ინაშვილმა 26 აგვისტოს ფეისბუკზე.
ინაშვილი ღარიბაშვილს პარტიასთან შემოერთებას სთავაზობს
მისი თქმით, მან არ იცის, ირაკლი ღარიბაშვილს „მოეწონება თუ არა ეს აზრი ან გაიზიარებს თუ არა“ მას და ეს საჯარო შეთავაზებაა:
„ჩვენი პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული. ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი - დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს, შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი“, - წერს ის.
ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაშია. სავარაუდოდ, ის ამ შეთავაზებაზე პასუხს კვლავ წერილობით გამოაქვეყნებს.
ღარიბაშვილი „ოცნებას“ დაუპირისპირდა
წინა დღეს, 25 აგვისტოს, - მას შემდეგ, რაც 750 000 ლარის „ქრთამის აღების“ სასამართლო სხდომას არ დაესწრო, - ღარიბაშვილმა განაცხადა:
„მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას“.
„ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში - ღარიბაშვილი სასამართლოში არმისვლაზეღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - ის „ზეწოლაზე“ საუბრობს
- 2026 წლის 24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წაუყენეს, რომელიც 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- გამოძიების ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერთან დაკავშირებული ქრთამიდან 750 000 ლარი პირადად გადასცა ღარიბაშვილს.
- ახალ ბრალდებას წინ უძღოდა ღარიბაშვილის განცხადებები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა კორუფციის აღიარების მიზნით, „პოლიტიკაში დაბრუნების დასაზღვევად“;
- ოჯახი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
- 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისთვის უცნობია, „რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული“.