რუსეთმა "ნოვა პოშტას" საწყობები დაბომბა კიევის ოლქში

რუსეთის თავდასხმის შედეგები კიევის ოლქში. 28 აგვისტო, 2026.

რუსეთის ჯარებმა 27-28 აგვისტოს ღამით იერიში მიიტანეს კომპანია „ნოვა პოშტას“ საწყობებზე კიევის ოლქში. ამის შესახებ ბელოგოროდკის თემის ხელმძღვანელმა ანტონ ოვსიენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება. ადგილზე მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია.

„მტერი განმეორებითი დარტყმების ტაქტიკას იყენებს. პირველი მოხვედრიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ, უკვე ხანძრის ქრობისას, ამ ადგილს კიდევ ორი დარტყმა მიაყენეს. მაშველებმა მოასწრეს უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა“, დაწერა ოვსიენკომ.

მან აღნიშნა, რომ დარტყმის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა, და ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდა, დახურონ ფანჯრები და, შესაძლებლობისდაგვარად, გარეთ არ გავიდნენ.

„ნოვა პოშტას“ საწყობების გარდა, როგორც ოვსიენკომ განაცხადა, დაზიანდა იქვე, სვიატოპეტროვსკში მდებარე საწარმო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დააზუსტეს, რომ საწყობებში ხანძარი ლოკალიზებულია. იწვოდა ასევე 13 ავტომობილი, ხოლო აფეთქების ტალღამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მინები ჩაამსხვრია.

„ნოვა პოშტაში“ ასევე განაცხადეს დარტყმის შესახებ მის საწყობზე სუმიში, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, 4 მართვადი ავიაბომბი დაეცა.

ზაპოროჟიეში 28 აგვისტოს დილას რუსულმა დრონმა იერიში მიიტანა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“, რის შედეგადაც დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა და ოთხი ადამიანი დაშავდა, განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა.

ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის ქალაქ ზმიევში რუსეთის სამხედროები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სექტორს, სადაც ცეცხლი გაუჩნდა ორ კერძო სახლს, რომლებშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. საოლქო პროკურატურის მონაცემებით, დაიღუპა 38 წლის ქალი, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მისი 10 წლის ქალიშვილი.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, 27-28 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა164 დრონი, რომელთაგან 137 ჩამოაგდეს. დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს