სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში რუსეთის თავდასხმისა და ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 42 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.
ტკაჩენკოს ცნობით, 29 აგვისტოს ღამით, რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში მრავალი აფეთქება მოხდა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი.
„საგანგებო შემთხვევის ზონიდან ევაკუირებულია 381 ადამიანი, მათ შორის 59 ბავშვი“, -განაცხადა ტკაჩენკომ.
დაღუპულებს შორისაა დმიტროვკის თემის ხელმძღვანელი, ტარას დიდიჩი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.
რეგიონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის თავდასხმისა და შემდგომი აფეთქების შედეგად დაახლოებით 50 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
უკრაინის მედიის და ოფიციალური პირების განცხადებების თანახმად, საწყობში საბრძოლო მასალები ინახებოდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, სერგი კორეცკიმ მომხდარი შეადარა აფეთქებას და ხანძარს, რომელიც 6 ივლისს იყო ვიშნიოვოში - სადაც დარტყმა ასევე საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს განთავსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე განხორციელდა და 9 ადამიანი იმსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ საბრძოლო მასალების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვა დაუშვებელია, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი წერს, "დანაშაულებრივი გულგრილობა" მილაიას შემთხვევაშიც განმეორდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სოფელ მილაში დარტყმა მიაყენეს კომპანია Fire Point-ის საბრძოლო მასალების საწყობს. რუსეთის უწყების მტკიცებით, საწყობებში „ინახებოდა შორი მოქმედების FP-1/FP-2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტები და სასტარტო ამაჩქარებლები“.