საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთში მყოფი ქართველი დიპლომატი - რომელიც რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მუშაობს, - შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა მოქალაქეთა დასახმარებლად.
- 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა;
- პირველადი ცნობებით, არის მსხვერპლი - სულ მცირე, ექვსი ადამიანი; გადარჩენილები, თითქმის ყველანი, დაშავებულები არიან. წინასწარი მონაცემებით, ტრანსპორტში 43 ადამიანი იმყოფებოდა.
- ამ ეტაპზე დაუზუსტებელია მომხდარის მიზეზი.
ასევე ნახეთ
საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლირას წერს საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 აგვისტოს დილაადრიანად გავრცელებულ ცნობაში წერს:
„რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით“, - აცხადებს უწყება.
„საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რას წერს რუსული მედია
რუსეთის მთავრობის სააგენტო „ტასი“ რუსეთის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „მასშტაბური ავარიის შედეგად დაზარალებული ავტობუსის მგზავრების უმეტესობა უცხოელი იყო“, კერძოდ, საქართველოს მოქალაქე.
„წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი მგზავრებს შორის თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე იყო. ავტობუსი ქართულია“, - განუცხადეს „ტასს“ უწყებაში.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს ავარიის შემდეგ დაზიანებული ავტობუსი:
„საგზაო შემთხვევის დეტალური გარემოებები ზუსტდება“ - ამბობენ სტავროპოლის მხარის სახელმწიფო ავტოინსპექციაში.
სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
- 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს მომსახურების გაწევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია) და
- რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით (საგზაო მოძრაობის წესების და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია).