საოკუპაციო ხაზთან 6 თვის წინ დაკავებული 31 წლის კაცი უკანონო პატიმრობიდან გამოუშვეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ „6-თვიანი სასჯელი მოიხადა“, რის შემდეგაც თბილისს გადასცეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ორჭოსანთან 2026 წლის 17 მარტს უკანონოდ დაკავებული გიორგი უზნაძე, 1 სექტემბრის მონაცემებით, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 სექტემბერს განაცხადა:

„2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“.

დაკავების თარიღად. ე.წ. КГБ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) 17 მარტს ასახელებს, სუსი 18 მარტს

„სასჯელი მოიხადა“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი კი წერს, რომ იგი 1 სექტემბერს „ექვსთვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს“.

მას დე ფაქტო ხელისუფლება ედავებოდა „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“.

მათივე ცნობით, 31 წლის გიორგი უზნაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის მკვიდრია.

18 მარტს, როდესაც ის ახალგორთან, ორჭოსანთან უკანონოდ დააკავეს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ედავებოდნენ „ნასვამ მდგომარეობაში საზღვრის უკანონოდ კვეთას“.

ასევე ნახეთ

საოკუპაციო ხაზთან 8 თვის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

უკანონო დაკავებები გრძელდება

საქართველოს სუსი წერს, რომ დაკავებულის გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება „რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში“.

ასევე, „ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“.

სუსი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით „ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • წარსულში საქართველოს მოქალაქეები არაერთხელ დაუკავებიათ, მათ შორის, სოფელ ორჭოსანთან.
  • 2026 წლის 14 აგვისტოს გაათავისუფლეს 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული 46 წლის გიორგი ხარაიშვილი
  • 2026 წლის 19 აგვისტოს კი, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დაჯარიმების შემდეგ, უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს 17 აგვისტოს პერევთან დაკავებული ლაშა გულიტაშვილი.

ასევე ნახეთ

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს


სუსის თანახმად, „ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.

ასევე ნახეთ

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ცხინვალში - რატომ ვიცით წინასწარ, ვინ გაიმარჯვებს?