ირანის განცხადებით, იერიში მიიტანეს იორდანიაში, ერაყსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე

საილუსტრაცი ფოტო არ აღწერს კონკრეტულ თავდასხმას: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.

ირანული მედიის ინფორმაციით, სამშაბათს აშშ-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ობიექტის დაბომბვის საპასუხოდ იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იორდანიასა და ერაყში, თავდასხმა ასევე განხორციელდა ბაჰრეინზე.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, იორდანიაში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები. თუმცა, როგორც სააგენტო Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, თავდასხმების პირველადი შეფასებით, აშშ-ის მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.

იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იორდანიის საჰაერო სივრცეში შესული 13 ბალისტიკური რაკეტა აღმოაჩინა. მათგან 10 ჩამოაგდეს, სამი კი ქვეყნის შორეულ ტერიტორიებზე ჩამოვარდა.

ბაჰრეინის ხელისუფლებამ დაადასტურა ირანული დრონების აღმოჩენა, თუმცა მათი ინფორმაციით ისინი გაანადგურეს.

IRGC-ის ცნობით, მისმა სახმელეთო ძალებმა ასევე განახორციელეს სარაკეტო და დრონებით კომბინირებული შეტევა ერაყის ჩრდილოეთით, ერბილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

ირანის მტკიცებით, თავდასხმას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. თუმცა ეს ინფორმაცია არც ერაყს და არც აშშ-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

წუხელ აშშ-ის ძალებმა ირანში რამდენიმე ობიექტი დაბომბეს.

ასევე ნახეთ

ირანის წითელი ნახევარმთვარე: აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ასევე ნახეთ

აშშ-მა დაბომბა ირანის სამხრეთის ქალაქ ჯიროფთის აეროპორტი - ირანის მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი და მძლავრი“ დარტყმები იყო „შურისძიება ირანელების წარუმატებელი მცდელობისთვის, დაემატებინათ საზღვაო ნაღმები სრუტეში“ და „ირანელების მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენს სამხედრო ბაზაზე რვა რაკეტის გასროლის გამო, რომელთაგან ყველა წარმატებით იქნა ჩამოგდებული“.

მანამდე 31 აგვისტოს აშშ-მა ირანის კუნძულ ლარაქს დაარტყა, სადაც მდებარეობს ასევე რაკეტის გამშვები დანადგარები, რასაც ირანმა საპასუხო იერიშით უპასუხა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რეგიონში.

ირანის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის ომი თებერვლის ბოლოს დაიწყო თეირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებით, რასაც ემსხვერპლა მისი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებული მყიფე ზავი ჩაიშალა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ. ირანის და ომანს შორის მდებარე ამ სრუტით ომამდე მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადიოდა. ომს და სრუტის ჩაკეტვას მოჰყვა მსოფლიო კრიზისი და საწვავის მკვეთრი გაძვირება.