ენგელსში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაჭრეს

საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში სამხედრო მოსამსახურეს დაესხნენ თავს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ დღეს, 3 სექტემბერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა სამმართველომ განაცხადა. უწყებას სამხედრო მოსამსახურის ვინაობა არ დაუსახელებია.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები და ტყვიებიც ამოიღეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.

რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული Telegram-არხები Mash-ი, Baza და Shot-ი წერენ, რომ ენგელსში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოფიცერს დაესხნენ თავს. მათი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

SHOT-ის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს უცნობი პირი მოტოციკლით მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის დაბა პრობუჟდენიეში მაღაზიიდან გამოდიოდა.

არხის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამხედრო მოსამსახურეს ორჯერ ესროლა - ერთი ტყვია მას სახეში მოხვდა, მეორე კი სხეულში. დაჭრილი გადაიყვანეს სარატოვის საავადმყოფოში, სადაც ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. თავდამსხმელი მიიმალა.

ანონიმურმა Telegram-არხმა Досье шпиона-მა დაშავებულის ვინაობა დაასახელა - რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ვარპახოვიჩს იმ რუს სამხედრო მეთაურებს შორის ასახელებს, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სტრატეგიული ავიაციის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე არიან პასუხისმგებელი, წერს The Insider-ი.

2026 წლის 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურორის ოფისმა ნიკოლაი ვარპახოვიჩი დაუსწრებლად გამოაცხადეს ეჭვმიტანილად. უკრაინელი გამომძიებლების ვერსიით, სწორედ მან გასცა ბრძანება 2024 წლის 8 ივლისს კიევში მდებარე ბავშვთა სპეციალიზებულ საავადმყოფოზე, „ოხმატდეტზე“, სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მაღალი რანგის რუს სამხედრო მოსამსახურეებს ესხმიან თავს.

ასევე ნახეთ

რუსეთში აფეთქებული სამხედროს შესახებ მედია დამატებით დეტალებს ავრცელებს

2024 წლის 8 ივლისს კიევზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის უმსხვილეს ბავშვთა საავადმყოფოს, „ოხმატდეტის“, კომპლექსს მოხვდა. დაშავებულთა შორის რამდენიმე ბავშვიც იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ იმ დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალები იერიშებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და შეიარაღებული ძალების ავიაბაზებზე ახორციელებდნენ.