"თუ იმ 7 კაცს ჩემი დანახვის შეეშინდა, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს“ - ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თამაზ ელიზბარაშვილი, ცხოველების დამცველი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცხოველთა დამცველ 64 წლის თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცხოველთა დამცველს გამოძიება მუქარას ედავება. პროკურატურის თანახმად, ამ საქმეს შვიდი დაზარალებული ჰყავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურა არ გამორიცხავს ბრალის დამძიმებასაც. საქმე ეხება იარაღის შესაძლო უკანონო ტარების მუხლს:

"მოცემულ ეტაპზე, შეკრებილი მტკიცებულებებით, გამოიკვეთა 151-ე მუხლით (მუქარა) ჩადენილი შესაძლო დანაშაული. გამოძიება დაწყებულია იარაღის კუთხით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში ამოღებულია რიგი მტკიცებულებები, როცა იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუ გამოიკვეთება 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მოხდება ბრალის დაზუსტება. არაფერს გამოვრიცხავთ".

„სირცხვილია, სირცხვილი“, - ამ რეპლიკებით შეხვდნენ დარბაზში მსხდომნი მოსამართლის გადაწყვეტილებას.

დაცვის მხარე თამაზ ელიზბარაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 20-ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა: „სასამართლოს აქვს უფლება, გაზარდოს ნებისმიერი სახით“, - თქვა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

რა უამბო მოსამართლეს თამაზ ელიზბარაშვილმა

„მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა თამაზ ელიზბარაშვილმა 4 სექტემბერს სასამართლოს სხდომაზე.

ის შეეცადა, დეტალურად აღეწერა 30-31 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ განვითარებული მოვლენები:

„იმ დღეს მე და ჩემი მეუღლე შევედით სავახშმოდ რესტორანში. მეთერთმეტე შვილი მეძუძურია. 12 საათზე უწევდა ჭამა, ამიტომ სწრაფად ვივახშმეთ. 12-ის ნახევარი იყო, ხელს ვიბანდი... მოდის ახალგაზრდა, მიჩვეული ვარ, რომ ჩემთან მოდიან ადამიანები, გამიხარდა... მაგრამ ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მე თითქოს მიგინებია სოციალურ ქსელში და მთხოვა ბოდიშის მოხდა. მაჩვენე-მეთქი სად გაგინე და მოგიხდი ბოდიშს“...

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას დაზარალებულები "ტვ იმედის" თანამშრომლებად გაეცნენ:

„შენ ხშირად გვაგინებო და ბოდიში მოიხადე, თორემ აქედან ვერ გახვალო. ამასობაში მე ზევით ცოლი მელოდება, ვნერვიულობ. რომ არ გამიშვეს, დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა, რომ ჩემს მეუღლეს დაენახა, როგორ მაგინებდნენ, მაფურთხებდნენ, ერთ-ერთი განსაკუთრებით აგრესიული იყო. არ მინდოდა, ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს და თან მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე ასულიყო ზევით და იქ ეთქვა თანამშრომლებისთვის, რომ გამოეძახათ პოლიცია ან დაცვის სამსახური. ავიდა ჩემი მეუღლე და რამდენიმე წუთში ჩამოვიდა უკვე დაცვის თანამშრომლებთან ერთად... ერთ-ერთმა, ამ შვიდი კაციდან, ხელი მომიქნია, რაღაცაც ისროლა ჩემი მისამართით.

ერთი გამეცნო, ნიკა მქვიაო სახელადო, ის ნორმალურად მელაპარაკა, შენო პოზიცია უნდა შეიცვალოო, ჩვენო არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო. ვუთხარი, წავალ ჩემს ცოლს დავტოვებ და მე უკან დავბრუნდები, შვილებს გეფიცებით-მეთქი", - თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა.

"რატომ უნდა დაბრუნებულიყავით?" - ჰკითხა მოსამართლემ მას.

„ბავშვები დავიფიცე, რომ დავბრუნდებოდი. შაკო [კუჭაშვილი, ერთ-ერთი დაზარალებული] მემუქრებოდა, რომ შენ თუ ბოდიშს არ მოიხდი, სადაც გნახავ, იქ გიზამ ამას და ამასო. მე ყველგან ბავშვებით დავდივარ და მინდოდა, ეს კონფლიქტი მომეგვარებინა, მოვფერებოდი, ერთ ჭიქას ავწევდით... ჩემი მეუღლე დავამშვიდე, ჩავალ, ამ ბიჭებს დავამშვიდებ, მოვეფერები, ეს იყო მიზეზი, რის გამოც მოვბრუნდი. წნევა მაწუხებს, წნევის წამალიც დავლიე და რომ ჩავედი, იქ არავინ იყო“.

თამაზ ელიზბარაშვილი აღწერს, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც უკან, რესტორანში დაბრუნდა:

„მხოლოდ დაცვის პოლიციის მანქანა იყო. მანქანიდან რომ გადავედი, ცუდად ვიყავი, გულზე მეკიდა ხელი. მითხრეს, დაკეტილია რესტორანი, ვერ შეხვალო. უნდა შევიდე-მეთქი, ბიჭები მელოდებიან. წავედი რესტორნისკენ, მაგრამ ვერ გავაღე კარი და წავედი ჩემი მანქანისკენ, მაგრამ დავინახე რესტორნის ფანჯრებიდან, რომ იქ ხალხი იჯდა და არ იყო დაკეტილი რესტორანი და ამიტომ ისევ გავბრუნდი რესტორნისკენ.

შევედი რესტორანში და ვუსაყვედურე თანამშრომლებს, რომ დაინახეთ ხმაური, ხომ შეიძლებოდა დაგეძახათ ვინმესთვის-მეთქი“.

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მეორე დღეს, პირველ სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი:

„დავწერე ჩემს ფბ-ზე, რომ ესე ესე, ბოდიში უნდა მომიხადონ-მეთქი "ტვ იმედის" თანამშრომლებმა. ამ პოსტის შემდეგ ჩავედი ისევ რესტორანში, შევხვდი ადმინისტრატორს, ავუხსენი, რომ მინდა ამ ბიჭებთან შეხვედრა, რომ ეს კონფლიქტი ამოვწურო... შვილებს გეფიცებით, მე თუ რამე დავამატე ან მოვიტყუე.

თუ ჩემი იქ მისვლით იმ შვიდ კაცს ჩემი დანახვის შეეშინდა, იმის გამო, რომ ისინი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს“, - თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა.

რაც შეეხება პირველ სექტემბერს, მისი სახლის, ავტომობილის ჩხრეკისა და დაკავების დღეს, ის ამბობს, რომ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის უფლებები დაარღვიეს. იძალადეს, რის გამოც თვითმკვლელობაც გადაწყვიტა:

„ჩვილი ბავშვი მყავს, მანამდე მძიმე ვირუსი ჰქონდა, ოთხი კაცი შემოდით-მეთქი, შემოვიდნენ, მერე არ ვიცი რა მოხდა, შემოვარდა უამრავი პოლიციელი, ჩემს მეუღლეს ხელი ჰკრეს და წაართვეს ტელეფონი, ადვოკატი ჩაწიხლეს. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი პატარა ბავშვების თვალწინ. ამდენს ვეღარ ვუძლებდი და ამის ყურებას, ოჯახის უფროსმა ვერ დავიცავი, არ მინდა სიცოცხლე-მეთქი და თვითმკვლელობა გადავწყვიტე, გავექანე აივნისკენ, რომ გადავმხტარიყავი.

ეს ყველაფერი რატომ ატყდა, ვერ გავიგე. ვიღაცას ჩემი განადგურება უნდა, რა უნდათ, რას მერჩიან...

მე არ მინდა გაიგოთ ისე, რომ რაღაცის მეშინია. მე ჩემს შვილებს კაცობის მაგალითს ვაძლევ. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, გგონიათ მეშინია? ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცი გამოვალ.“

როგორ აღწერს 30 აგვისტოსა და 31 აგვისტოს გზაგასაყარს ბრალდება:

ბრალდების მიერ გავრცელებული ვერსია სასამართლოზე პროკურორმა გიორგი კაკოჩაშვილმა წარადგინა. ბრალდების მხარის თანახმად, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით“.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის თქმით, დაპირისპირება მოჰყვა ცხოველთა თავშესაფრის გვერდზე დაწერილ კომენტარს, რომელსაც წყევლის შინაარსი ჰქონდა. თამაზ ელიზბარაშვილი უარყოფს, რომ ეს კომენტარი მისი დაწერილია, რადგან ეს არ არის მისი პირადი გვერდი: „წლებია ვიცნობ თამაზ ელიზბარაშვილს. მე არასდროს მისგან წყევლა არ მომისმენია“, - თქვა სხდომაზე ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

გამოძიების თანახმად:

  • „მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია“.
  • „ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს“.
  • „დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“.
  • „დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია“.


პროკურორის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის ქმედებებს მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებდნენ თვალს დაზარალებულები:

„მათ გაუჩნდათ საფუძვლიანი შიში. მეორე დღესაც კვლავ იმყოფებოდა ელიზბარაშვილი რესტორანში, კვლავ მოითხოვდა რესტორნის თანამშრომლებისგან დაზარალებულების ვინაობის დადგენას, მაგრამ რესტორნის თანამშრომლებმა მას არ მიაწოდეს ეს ინფორმაცია“, - თქვა სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა გიორგი კაკოჩაშვილმა.

რა თქვა დაცვის მხარემ იარაღზე?

„ელიზბარაშვილს ჯანმრთელობის, გულის პრობლემები აქვს და მას გულზე ეკიდა ხელი“, - ასეთ კომენტარს აკეთებენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატები პროკურატურის მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ კადრებზე, რომელთა თანახმადაც, თამაზ ელიზბარაშვილი რესტორანში შეიარაღებული დაბრუნდა და შემდეგ იარაღი „სავარაუდოდ, ავტომობილში შეინახა“.

ადვოკატის თქმით, ის, რომ თითქოს თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მცდარი ვერსიაა: „ამას არ ადასტურებენ არც რესტორნის თანამშრომლები, არც დაზარალებულები. თამაზ ელიზბარაშვილს არ აქვს იარაღის ტარების უფლება. გამოძიება მას იარაღის ტარების მუხლს არც ედავება.

თუკი პროკურატურა ფიქრობდა, რომ იარაღიც იყო, მაშინ უნდა წარედგინა ბრალი იარაღის უკანონო ტარებაზე. არცერთი მტკიცებულებით ეს არ დასტურდება", - ამბობს ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი.

მისივე თქმით, „ერთ-ერთი დაზარალებული თავად ამბობს, რომ მას თამაზ ელიზბარაშვილისთვის არ უჩივლია. ის ლაპარაკობდა სხვების მაგივრადაც. ანუ მისთვის არავის უჩივლია.

გთხოვთ, არ გამოიყენოთ პატიმრობა, ეს მოცემულობა იძლევა იმის საშუალებასაც, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს ის, მაგრამ გთავაზობთ გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით“, - თქვა ადვოკატმა.

როგორ განვითარდა მოვლენები პირველ სექტემბერს?

ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სექტემბერს, საღამოს საათებში გააჩერა, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ტარდებოდა - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და მუქარა.

ამ დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ელიზბარაშვილის სახლში. ჩხრეკის მიმდინარეობისას ცხოველების დამცველი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ერთი დღით ადრე თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“.

ვინ არიან დაზარალებულები?

ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავების საქმეში მოწმეებად „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებენ. შაკო კუჭაშვილმა მონაწილეობა თავად დაადასტურა.

კუჭაშვილს „იმედის“ სოციალურ ქსელში პოდკასტი „FAKE კონტროლი“ მიჰყავს. ამავე საქმეში ფიგურირებენ პოდკასტის თანაწამყვანები: ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია. გამსახურდია „იმედის კვირისთვისაც“ ამზადებს სიუჟეტებს. სხდომათა დარბაზში დასახელდა კიდევ ერთი დაზარალებულის ვინაობა - ჯაბა ხუბუა. ღია წყაროების თანახმად, ის ჟურნალისტია.

წინასასამართლო სხდომა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე 22 ოქტომბერს დაინიშნა. დაცვის მხარე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ასევე ნახეთ

ცნობილია „იმედის“ იმ თანამშრომლების ვინაობა, რომლებთანაც ელიზბარაშვილს კონფლიქტი მოუვიდა